Menu
RSS

მოქკავშირიდან „ოცნებამდე“ _ პარტიების დაშლა-გაშლის ანატომია

„დავიშალოთ და ვიყოთ ერთად“ ანუ პოლიტიკური კინო, რომელიც ბევრჯერ გვინახავს

ხომ იცით, ქართული სუფრა რომ აკადემიაა? ჰოდა, თუ ეს იცით, ისიც გეცოდინებათ, გამოცდილი თამადა ქეიფს ასე რომ ამთავრებს ხოლმე, ჩვენი დაშლა-არმოშლისა იყოსო. აი, ზუსტად ეს დაშლა-არმოშლის სადღეგრძელო ამეკვიატა ბოლო დღეებში. რატომ ბოლო დღეებში? _ ახლა, არ იფიქროთ, რომ სუფრიდან-სუფრაზე დავდივარ და ერთიანად „გამობრუჟული“ ვარ. უბრალოდ, ჩვენს პოლიტიკაში, უფრო ზუსტად, მმართველ ელიტაში მიმდინარე მოვლენებმა გამახსენა ქართული სუფრის აკადემიურობა და ასევე, დაშლა-არმოშლის სადღეგრძელო ანუ უფრო გასაგებად და ნათლად რომ ვთქვათ, „ოცნებაში“ დიდი „პერეტრუბაციებია“ _ ზოგი მოდის, ზოგი წამოსვლისგან თავს იკავებს, ზოგი კი ჯიუტად ამტკიცებს, საგანგაშო არაფერი ხდება და „ქართული ოცნება“ ფოლადზე უფრო გამძლე და მონოლითურიაო. ამაზეა ნათქვამი, ნეტარ არიან მორწმუნენიო, თუმცა პოლიტიკა და რწმენა ზუსტად ისეა თანხვედრაში, როგორც მაგალითად, ინდაური და ქალის თეთრეული.

და მაინც, რა ხდება იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელიც 2012 წელს, ქვეყნის სათავეში ზარ-ზეიმით მოვიდა და აგერ, ბოლო წუთამდე, საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობასაც ფლობდა? _ ამ კითხვითსიტყვიან რთულ წინადადებაზე პასუხის გაცემა, ერთდროულად, მარტივიც არის და რთულიც. 

ვინაიდან და რადგანაც ყველაფერი გენიალური მარტივია, მოდით, პასუხის გაცემაც ჩვენც მარტივით დავიწყოთ. ზოგადად, საქართველოს უახლეს ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ პარტიების გაშლა, თუ დაშლა დღევანდელობის „ტრენდი“ ნამდვილად არ არის და ამ მხრივ „ოცნება“ ნოვატორად ვერ ჩაითვლება. პარტიების დაშლა-გაშლის ტრადიციას საფუძველი ჯერ კიდევ შორეული 90-იანი წლების მიწურულს ანუ მაშინ ჩაეყარა, როცა ქვეყანას მოქალაქეთა კავშირი მართავდა, თუმცა სჯობს, ჩავაზუსტოთ _ არც მოკვაშირი გახლდათ დაშლის პიონერი, რადგან თავის დროზე, იგივე ეორვნული მოძრაობაც, რომლის წევრებიც ერთი _ საქართველოს რუსეთის იმპერიისგან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის აღდგენის იდეის გარშემო იყვნენ გაერთიანებულნი, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შედეგად, მივიღეთ ორი ეროვნული მოძრაობა _ „მრგვალი მაგიდა“, რომელსაც ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა და ეროვნული ფორუმი, რომლის სათავეში ყველა ის ადამიანი იდგა, რომელიც გამსახურდიას გამოეყო. 

ამ დაპირისპირება-გამოყოფამ რა შედეგიც მოიტანა, ძალიან კარგად ვიცით: მართალია, 1990 წლის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში „მრგვალმა მაგიდამ“ გაიმარჯვა და ხელისუფლებაში ეროვნული მოძრაობის ზვიად გამსახურდიას ფრთა მოვიდა, მაგრამ ისინი, რომლებიც გამსახურდიას ჯერ კიდევ პირველ მრავალპარტიულ არჩევნებამდე დაუპირისპირდნენ, ეროვნულ ხელისუფლებას კრიჭაში ჩაუდგნენ. 

შემდეგ იყო 2 სექტემბრის ცნობილი ამბები და ბოლოს, სისხლიანი კულმინაცია _ თბილისის ძმათამკვლელი ომი. 

მართალია, ახლა სხვა დრო და სხვა მოცემულობაა, მაგრამ იგივე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ან სულაც „ოცნებასთან“ დაახლოებულები, სამოქალაქო ომზე აკეთებდნენ მინიშნებას. 

სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სამოქალაქო ომი ახსენა, აწ უკვე „ექსოცნებელი“ გედევან (გედი) ფოფხაძე გახლდათ. მაშინ ბატონი ფოფხაძე, ალბათ, ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე თვეში, მისი ოცნებები დაიმსხვრეოდა. 

დიახ, დღეს გედეონი, ასევე ეკატერინე და კიდევ რამდენიმე ადამიანი მმართველი გუნდის წარსულია, წარსული, რომელიც შესაძლოა, ახალი ცვლილებების საბაბი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, უკვე დაანონსდა, რომ ეკატერინე ბესელია არათუ საკუთარ ფრაქციას, არამედ ახალ პოლიტიკურ პლატფორმასაც შექმნის, თუმცა ამის თაობაზე დეტალურად ქვემოთ ვიმსჯელოთ. მანამდე კი ისევ ქართული პოლიტიკური პარტიების დაშლა-გაშლის ანატომია გავიხსენოთ. 

ერთი სიტყვით, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ცოტა ხანს ქვეყანას სამხედრო საბჭო მართავდა. მერე, საქართველოში ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა და 1995 წლამდე ეკავა ქვეყნის მმართველის სავარძელი. შევარდნაძის მმართველობა აღნიშნული თარიღის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მას უკვე თავისი პარტია ჰქონდა _ მოქალაქეთა კავშირი. 

მოქკავშირი ის პოლიტიკური გუნდი იყო, სადაც „ოცნებისა“ არ იყოს, ადამიანები იდეების კი არა, უფრო იმის გამო შევიდნენ და გაწევრიანდნენ, რომ მზესთან, რომელიც ადრე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა ანუ ედუარდ ამბროსოვიჩთან ახლო ურთიერთობა ჰქონოდათ. დაფუძნებიდან 6 წლის შემდეგ, კერძოდ, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების დამთავრებისთანავე, მოქკავშირში პირველი ბზარები გაჩნდა. ეს ამბავი კი ასე მოხდა: მმართველ პარტიას ახალგაზრდა მეწარმეთა ჯგუფი გამოეყო. ამ ჯგუფს დავით გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე ხელმძღვანელობდნენ. გაჩეჩილაძე-გამყრელიძის ტანდემმა პარტია ახალი მემარჯვენეები დააფუძნა. მართალია, ახალი პარტიის პლატფორმა ოპოზიციური იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში, ის მოქკავშირის „ძველი გვარდიის“ ინტერესებს ამაგრებდა. ასე მოხდა, იგივე 2003 წლის ნოემბერშიც, როცა პარლამენტის სხდომაზე, სწორედ ახლები მივიდნენ. ისე, იმთავითვე არსებობდა ინფორმაცია, რომ ახალი მემარჯვენეები, აწ განსვენებული ბადრი პატარკაციშვილის ინიციატივითა და ფინანსებით შეიქმნა. მოგვიანებით, როცა პოლიტიკურ ბაზარზე ნაციონალური მოძრაობა გამოჩნდება, ასევე იტყვიან, რომ სააკაშვილს გარკვეული ფინანსური ბმა პატარკაციშვილთან აქვს. 

მოქკავშირის აქტიური დაშლის პროცესი 2001 წელს დაიწყო. სახელდობრ, ინტერნეტგამოცემა ცივილ.გე, 2001 წლის 1 ოქტომბერს, აქვეყნებს ვცრელ სტატიას _ „მოქალაქეთა კავშირი იშლება“, რომელშიც ვკითხულობთ: 

„მოქალაქეთა კავშირში სრული ქაოსი და დაბნეულობაა. მმართველი პარტია და უმრავლესობა ნაწილ-ნაწილ იშლება. 28 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, უმრავლესობა (მოქკავშირი _ 100 კაცი და საქართველოს რეგიონები – მაჟორიტარები _ 20 კაცი) ოფიციალურ გუნდებად დაიშალა, რომლებიც სავარაუდოთ ფრაქციებად გამოცხადდებიან. 

გამოიკვეთა ოთხი სავარაუდო ფრაქცია/ჯგუფი, შემდეგი პირობითი სახელებით: 

1. ჟვანიას ფრაქცია ანუ იგივე რეფორმატორები 

2. რადიკალ-რეფორმატორები 

3. მამალაძის ფრაქცია 

4. კანცელარიის, იგივე ხატიძის ფრაქცია (პრეზიდენტის ერთგული დეპუტატები). 

,,ჟვანიას ფრაქცია/რეფორმატორები'', სავარაუდოდ, იქნება მოქალაქეთა კავშირის ბაზაზე ჩამოყალიბებული ყველაზე მსხვილი გაერთიანება – როგორც მას უწოდებენ – მთავარი ფრაქცია, რომელსაც სათავეში რევაზ ადამია ჩაუდგება. მასში დაახლოებით, 40 კაცი გაერთიანდება. 

,,რადიკალ რეფორმატორებში'' (ეს ტერმინი მათ მოწინააღმდეგე გუნდმა უწოდა) გაერთიანდებიან ,,თავგამოდებული'' რეფორმატორები, როგორებიც არიან: კობა დავითაშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, ვანო მერაბიშვილი, გიორგი ბარამიძე, კოტე კემულარია, ელენე თევდორაძე, ლადო ჭიპაშვილი და სხვები. მათი რაოდენობა ამ დროისათვის 11-12 კაცს შეადგენს. კოტე კემულარიას განცხადებით, ამ რიცხვმა შესაძლოა 15-17 კაცსაც მიაღწიოს. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი, ვაკის არჩევნების გამარჯვების შემთხვევაში, სწორედ ამ ფრაქციაში შევა. 

ეჭვს არ იწვევს ისიც, რომ „ჟვანიას ფრაქცია“ და „რადიკალ რეფორმატორები“, რეალურად ერთ ძალას წარმოადგენენ და მათი ფრაქციებად დაყოფა, შესაძლოა, გარკვეულ ტაქტიკურ დატვირთვას ატარებს და მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტი დეპუტატი მიიზიდონ რეფორმატორთა გუნდში. ამასვე ადასტურებს კოტე კემულარია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ რეფორმატორთა ამგვარი დაყოფა არც შედგეს. 

რაც შეეხება „მამალაძის ფრაქციას“ (ლევან მამალაძე _ პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში), იგი ძირითადად, ქვემო ქართლიდან მაჟორიტარული წესით არჩული დეპუტატებით დაკომპლექტდება და მას სათავეში ირაკლი გოგავა ჩაუდგება (დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობების ქვეკომიტეტის თავჯდომარე). სააგენტო ,,პრაიმ-ნიუსის'' ცნობით, მათი რაოდენობა, დაახლოებით, 16 იქნება. 

,,კანცელარიის'', იგივე ,,ხატიძის ფრაქციაში'' (ბადრი ხატიძე _ სახელმწიფო კანცელარიის რეგიონული პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი), ძირითადად პრეზიდენტის ერთგული დეპუტატები გაერთიანდებიან. კოტე კემულარიას განცხადებით, ამ ფრაქციის თავჯდომარეობის სურვილი, ერთდროულად ოთხ ადამიანს აქვს. ესენი არიან: არჩილ გოგელია, თენგიზ გაზდელიანი, არმაზ შამანაური და სულიკო პავლიაშვილი. ამიტომ კემულარიას მტკიცებით, ყველაზე დიდი გაურკვევლობა, სწორედ ამ გუნდის შიგნითაა. არაა გამორიცხული, რომ პარლამენტარი ნიკო ლეკიშვილი ამ ფრაქციის წევრად, ან თავმჯდომარედაც მოგვევლინოს, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი პრეზიდენტის გუნდის წევრია, როგორც ეს მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის, ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში ახალი ფრაქციების ჩამოყალიბება ამ გაერთიანების დაშლას არ წარმოადგენს. ,,დავიშალოთ და ვიყოთ ერთად'' სიტუაციას, დიდი ხნის ერთიანობა არ უწერია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ დიდ გუნდში, რომელსაც უმრავლესობა ჰქვია, სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობისა და პრინციპების ერთგული ადამიანები არიან, თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა. ამიტომ ზურა ადეიშვილის ნახსენები ერთიანობა თუ შედგა, ალბათ, მცირეხნიანი იქნება და ისიც იმიტომ, რომ გუნდებმა დრო მოიგონ და საბრძოლო გეგმა შეიმუშაონ. 

ამ ახალი ძალთა გადანაწილების ფონზე, შესაძლოა, ახალი უმრავსესობაც ჩამოყალიბდეს. ამ მხრივ, თვალში საცემია ტრადიციონალისტების, მრეწველებისა და ,,ახალი აფხაზეთი ქრისტიან დემოკრატების'' ალიანსის ამ ბოლო დროინდელი დაახლოება ჟვანიას გუნდთან. რეფორმატორების მიმართ საკმაოდ ლოიალურადაა განწყობილი ფრაქცია ,,XXI საუკუნის'' ლიდერი, ვახტანგ ბოჭორიშვილიც, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაუფარავი მხარდაჭერა გამოხატა. აქედან გამომდინარე, ახალი უმრავლესობა, შესაძლოა შემდეგი სქემით ჩამოყალიბდეს: 

რეფორმატორები („რადიკალ რეფორმატორები“ და „ჟვარიას ფრაქცია“) _ დაახლოებით, 60 კაცი; ფრაქცია „ტრადიციონალისტი“ – 13 კაცი; „მრეწველები“ – 14 კაცი; „ახალი აფხაზეთი – ქრისტიან დემოკრატები“ – 10 კაცი; ფრაქცია „XXI საუკუნე“ – 10 კაცი.

ამ შემთხვევაში, შესაძლო ახალი უმრავლესობის მთლიანი რაოდენობა 107 პარლამენტარია. თუ ამ გაერთიანებამ დამატებით 11 პარლამენტარის მოზიდვაც შეძლო, ისინი ,,სრულფასოვან'' უმრავლესობას შექმნიან და კვორუმის (118 კაცი) მოგროვებასაც შეძლებენ. 

რა თქმა უნდა, ზემოთ მოცემული სქემები არ არის ზუსტი და ისინი მხოლოდ პარლამენტში შესაძლო ძალთა გადანაწილებებს წარმოადგენენ, თუმცა აღნიშნული პროგნოზები ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და სხვადასხვა საპარლამენტო ძალების პოზიციებს ეფუძნება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პარლამენში ახალი ძალთა გადანაწილებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც თავისი გუნდისათვის დიდ ძალასა და ერთ-ერთ ლიდერს წარმოადგენს. ეს კი, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იგი 21 ოქტომბერს დაგეგმილ ვაკის მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვებს''. 

აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოქკავშირის დაშლის ინსპირატორი მიხეილ სააკაშვილი გახლდათ, რომელიც ქართულ პოლიტიკაში 1995 წლიდან ფიგურირებდა. თავდაპირველად, ხალხმა მიშა ლამის მესიად მიიჩნია ანუ მშიერ მოსახლეობას ახალგაზრდა, უცნობი პოლიტიკოსის აქტიურობა და ისიც მოსწონდა, რომ ის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ღიად უპირისპირდებოდა. ამასთან, სააკაშვილი საზოგადოებას სხვა ინოვაციებსაც სთავაზობდა. ყველაფერი, რასაც მიშა აკეთებდა, მსოფლიო პოლიტიკაში კარგად აპრობრირებული და, პრაქტიკულად, გუშინდელი დღე იყო, მაგრამ ჩვენთვის, რომლებიც ჯერ კიდევ „დიადი საბჭოეთის“ გავლენის ქვეშ ვიყავით, მიშას სიგიჟეები სიახლე იყო და შესაბამისად, მან ჩვენი მონუსხვა ძალიან ადვილად შეძლო, თან აქვე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომავალი პრეზიდენტი ხლხისთვის გასაგებ ენაზე საუბრობდა და, შიგადაშიგ, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარულზე ამბობდა უარს. ყველაფერი ეს, მას ნაკომუნისტარი პოლიტიკოსებისგან განასხვავებდა. ერთი სიტყვით, სააკაშვილმა ახალი ცოცხის როლი იდეალურად შეასრულა. 

როგორ იქცა ეს „ახალი ცოცხი“ ლამის მტარვალად, ეს სხვა საუბრის თემაა. ისე, სიმბოლურია, რომ ნაცმოძრაობის აღსასრული, ზუსტად ცოცხს უკავშირდება. 

რა მოიტანა მოქკავშირის დაშლამ? 2002 წელს, „რადიო თავისუფლება“ წერდა: 

„საქართველოს მოქალაქეთა კავშირს, მისი პოლიტიკური ოპონენტები, წლების განმავლობაში, დაბეჯითებით უწინასწარმეტყველებდნენ დაშლა-დაქუცმაცებას. 

მართლაც, პარტია ყოველთვის ეკლექტური იყო და მასში გაერთიანებულ ჯგუფებს კრავდა ერთადერთი პრინციპი: „ყველანი ედუარდ შევარდნაძის გვერდით!“ 

მოქალაქეთა კავშირი დაიშალა სწორედ მაშინ, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა ეს ხელშეუვალი პრინციპი და როდესაც პარტიის ლიდერებმა თავმჯდომარისგან გამიჯვნა დაიწყეს. 

საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, როგორც პარტია, ორი არსებითი ნიშნით ხასიათდებოდა: 

პირველ რიგში, ეს იყო სახელისუფლო პარტია. მან მოიგო ორი საპარლამენტო არჩევნები, თანაც მეორე _ გაცილებით უკეთესი შედეგით, ვიდრე პირველი; თუმცა, ამისათვის რაიმე ობიექტური წინაპირობა არ არსებობდა. ცხადია, პარტია არჩევნებს იგებდა არა იმდენად საზოგადოების მხარდაჭერის გამო, რამდენადაც _ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მცდელობით. 

მოქალაქეთა კავშირის მეორე ნიშანი იყო პარტიის წიაღში მუდმივად არსებული წინააღმდეგობები. ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს პრეზიდენტის გუნდის წევრებს უწოდებდნენ, ედუარდ შევარდნაძეს სულ სხვადასხვა მიზნით ეკედლებოდნენ. ზოგისთვის პრეზიდენტი იყო ძალაუფლების წყარო, ზოგისთვის _ სახურავი, რომელიც მყუდრო გარემოს ქმნიდა გამდიდრებისთვის; ზოგი მას რეფორმების გარანტად მიიჩნევდა, ზოგი კი _ იმის გარანტად, რომ წლების განმავლობაში არაფერი შეიცვლებოდა. ასე რომ, განხეთქილების მუხტი მუდამ არსებობდა, მაგრამ პარტია მაშინ დაიხლიჩა, როდესაც ეს თავმჯდომარემ ისურვა. 

რას მოიტანს ცენტრალური სახელისუფლო პარტიის _ მოქალაქეთა კავშირის დაშლა? პირველ რიგში, კონკურენციის თანაბარ პირობებს. ერთი მხრივ, სამართლიანი კონკურენცია და, მეორე მხრივ, მაღალი საარჩევნო ბარიერი პარტიებს აიძულებს, მოძებნონ პარტნიორები და ბანაკებად დაჯგუფდნენ. ის ფაქტი, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მცირერიცხოვანი პარტიები მოქალაქეთა კავშირისა და აღორძინების სახელისუფლო ორთქლმავლებს ჩაებნენ, ვეღარ განმეორდება. სამაგიეროდ, დღეს უკვე შეიძლება საუბარი ბანაკებად დაყოფის ორ სავარაუდო სცენარზე. 

პირველი სცენარის თანახმად, პარტიები დაჯგუფდებიან იდეოლოგიური მსგავსების ნიშნით. ამ სცენარის ამოქმედების შემთხვევაში, პარტიები მკაფიოდ გამოკვეთენ საკუთარ მსოფლმხედველობას და ამომრჩეველს საშუალება მიეცემა, ამა თუ იმ ბანაკს მხარი დაუჭიროს პოლიტიკური გემოვნების კარნახით. ეს მნიშვნელოვანი სიახლე იქნება, რადგან ბოლო ორი საპარლამენტო არჩევნების დროს, პარტიების მსოფლმხედველობრივი ერთობა, როგორც ფაქტორი, საერთოდ არ არსებობდა. 

მეორე შესაძლო სცენარი განსხვავებულია. ამ სცენარის მიხედვით, პარტნიორების ძებნისას, ამოქმედდება პრინციპი: ვინც ჩემთან ერთად არ არის, ჩემი მტერია. სად გაივლის ფრონტის ხაზი? როგორც ჩანს, ედუარდ შევარდნაძის ფაქტორზე. წმინდა დასავლური ორიენტაციის პარტიებთან გაერთიანდებიან პრორუსულ ვექტორზე მოძრავი პარტიებიც. სამაგიეროდ, ერთი მხრივ, დაჯგუფდებიან ძალები, რომლებიც იმისთვის იბრძოლებენ, რომ შევარდნაძემ ძალაუფლება შეინარჩუნოს და მშვიდობიანად გადააბაროს თავის მემკვიდრეს; მეორე მხრივ, დაჯგუფდებიან ძალები, რომლებიც იბრძოლებენ შევარდნაძისთვის ძალაუფლების ჩამოსართმევად. სწორედ ამ სცენარის გათვალისწინებით აცხადებს გიორგი შენგელაია _ დეკლარირებულად პრორუსული ორიენტაციის მქონე ,,ვაზის'' პარტიის თავმჯდომარე, რომ იგი შესაძლო პარტნიორებად მიიჩნევს ნაციონალურ მოძრაობასა და რესპუბლიკურ პარტიას. 

დღეისათვის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი, მართლაც, უარს არ ამბობს სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიებთან დიალოგზე და მწვავედ აკრიტიკებს პრეზიდენტს, რითაც მეორე სცენარზე მიანიშნებს. მეორე მხრივ, ზურაბ ჟვანია საუბრობს ერთიანი დემოკრატიული ფრონტის აუცილებლობაზე, მსოფლმხედველობრივ ერთობაზე და აცხადებს, რომ პრეზიდენტის კრიტიკა თვითმიზანი არ არის. ეს ნიშნავს, რომ ჟვანია პირველი სცენარისთვის ემზადება. 

რისთვის ემზადება ედუარდ შევარდნაძე _ მოქალაქეთა კავშირის დაშლის ინიციატორი? რატომ დაიტოვა მან თავი პარტიის გარეშე და რატომ მოიშორა მოქალაქეთა კავშირი, როგორც გულზე ჩამოკიდებული მძიმე ლოდი? მეორე სცენარი პრეზიდენტისთვის მიუღებელია: იგი არ დაუშვებს, რომ პოლიტიკური ძალების მთავარ სამიზნედ გადაიქცეს. არ არის გამორიცხული, შევარდნაძეს არც პირველი სცენარი მოსწონდეს და მოვლენების სულ სხვაგვარ განვითარებას გეგმავდეს: კერძოდ, პარტიების არა გაერთიანებას, არამედ გათიშვას და მათ ერთმანეთთან დაპირისპირებას მოქალაქეთა კავშირის მიერ გამოთავისუფლებული ნიშის დასაკავებლად. ეს სცენარი პრეზიდენტისთვის ისევე უსაფრთხოა, როგორც უსაფრთხოა მისთვის ამჟამინდელი _ დაქუცმაცებული და უუნარო პარლამენტი. უფრო მეტიც, ეს სცენარი პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, „მოქკავშირული“ ვალდებულებებისგან გათავისუფლებულმა, სრულად გააკონტროლოს მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგი''. 

ყურადღება თუ მიაქციეთ, „რადიო თავისუფლების“ ზემოთმოყვანილ წერილში არის ასეთი ფრაზა: „ედუარდ შევარდნაძე _ მოქკავშირის დაშლის ინიციატორი“. იქვე, წერილის ავტორი სვამს კითხვას, რისთვის ემზადება შევარდნაძე? 

როგორც უკვე ვთქვით, ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. ჰოდა, ის, რაც დღეს „ოცნებაში“ ხდება, ხომ არ გეჩვენებათ, რომ კარგად დავიწყებული ძველი ახალია ანუ პოლიტიკური მიმომხილველების ნაწილი უშვებს ალბათობას, რომ „ოცნების“ დაშლა _ არც მეტი, არც ნაკლები _ მისივე თავმჯდომარისა და დამაარსებლის სურვილით ხდება. სხვათა შორის, თავის დროზე ივანიშვილმა თქვა, რომ „ოცნების“ ოპოზიცია, შესაძლოა, თავად „ოცნებაშივე“ შექმნილიყო. 

აი, ამ ფაქტების ერთობლიობა, დიახ, აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ „ოცნება“ კი არ დაიშლება, არამედ გაიშლება, კერძოდ, მმართველი პარტიის ძველმა გვარდიამ შესაძლოა, ახალი პარტია შექმნას (ბესელიამ აკი, თქვა კიდეც, ახალ პლატფორმას ჩავუყრი საფუძველსო), რომელიც ივანიშვილის კი არა, „ოცნებაში“ პორტირებული ნაციონალების ოპოზიცია იქნება. 

თუ ეს მართალია, ვერ ვიტყვით, რომ „ოცნების“ დაშლა, მთლად მოქკავშირის დაშლის სცენარით ხდება, მაგრამ ამ მოვლენებსა და იგივე, ნაციონალური მოძრაობის დაშლის პერიპეტიებს შორის გარკვეული მსგავსების აღმოჩენა შეგვიძლია. თავის დროზე, როცა მიშას გუნდში პირველი ბზარები გაჩნდა, ითქვა, რომ ყველაფერი ეს მოგონილი იყო და გიორგი ვაშაძე, გოგა ხაჩიძე, ძმები კუბლაშვილები, თუ იგივე, ზურაბ ჯაფარიძე ნაცმოძრაობას ფასადურად ტოვებდა და გადამწყვეტ მომენტში, ისინი ისევ ერთად იქნებოდნენ. ასე აგიხდათ ყველაფერი კარგი, როგორც ეს ახდა _ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, გიორგი ვაშაძე საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი გახლდათ, ესე იგი, გამოდის, რომ ვაშაძე-უმცროსმა, თავის დროზე, ნაცმოძრაობა რაღაც გეგმის გამო დატოვა. 

იგივე შეიძლება ითქვას ნაცმოძრაობიდან ბოკერიას ფრთის გამოსვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოკერიას გუნდის წევრებმა, თავიანთ ყოფილ ლიდერს ბევრი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ამ კუთხით განსაკუთრებით, პატიმრობიდან გათავისუფლებული თბილისის ექსმერი, გიგი უგულავა აქტიურობდა, იგივე გასული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ევროპულმა საქართველომ მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა. ახლა კი, როცა უმცირესობის დაშლა დგას დღის წესრიგში, საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო დელეგაციები, შესაძლოა, გაერთიანდნენ. 

„ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო, საპარლამენტო უმცირესობის დაშლის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლოა, უმცირესობად გაერთიანდნენ. როგორც ნაციონალების წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ თქვა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციას ჯერ არ უმსჯელია, თუმცა კონსულტაციების გამართვა საჭირო იქნება. 

რომან გოცირიძის თქმით, თუ უმრავლესობას კიდევ სამი დეპუტატი დატოვებს, მაშინ უმცირესობა დაიშლება: 

„უმრავლესობა დამატებით სამმა დეპუტატმა უნდა დატოვოს, რის შემდეგაც უმცირესობა დაიშლება. როგორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს კონსულტაციების შემდეგ გამოჩნდება. ამაზე არ გვიფიქრია და საუბარი არ ყოფილა არავისთან. ეს დამოკიდებულია ორივე მხარეზე. ამას მხოლოდ ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, მეორე მხარის სურვილიც უნდა იყოს. ამაზე საუბარი არც პარტიაში და არც ფრაქციაში არ ყოფილა“, _ განაცხადა რომან გოცირიძემ. 

ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის გაერთიანების შემთხვევაში, საპარლამენტო უმცირესობაში 26 დეპუტატი იქნება. 

მმართველმა პარტიამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მას შემდეგ დაკარგა, ,,რაც 115-კაციანი უმრავლესობიდან წავიდნენ გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი'', _ იუწყებოდა ქართული ინტერნეტმედია რამდენიმე დღის წინ. 

ერთი სიმღერისა არ იყოს, ამ ცისქვეშეთში ანუ პოლიტიკაში ახალი არაფერია. უფრო მეტიც, თავად პოლიტიკოსებიც კი არ არიან ახლები _ ბევრი მათგანი, ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მოყოლებული, იმაზე გამოთქვამს პრეტენზიას, რომ ძალიან ჭკვიანია და ერი უნდა ემორჩილებოდეს. ჰოდა, ამ პოლიტიკოსებისგან „გაკეთებული“ პოლიტიკა როგორიც იქნება, თავად განსაჯეთ!

 

ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში