Menu
RSS

ავთანდილ ხურციძეს 40 წლიანი სასჯელი ან უვადო პატიმრობა ემუქრება

მოსამართლე კეტრინ ფორესტი განაჩენს 21 სექტემბერს გამოაცხადებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროცესი დასრულდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულები დამნაშავედ სცნეს და ახლა ყველა 21 სექტემბერს ელოდება _ დღეს, როცა განაჩენი უნდა გამოცხადდეს. სამწუხარო კი ის არის, რომ მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში, განსასჯელის სკამზე ქართველები ისხდნენ.

საუბარი კანონიერ ქურდზე, რაჟდენ შულაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ადამიანებზე გვაქვს, რომელთაგან ყველაზე ცნობილი პროფესიონალი მოკრივე, მსოფლიოს აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი, ავთანდილ ხურციძეა. სამწუხაროდ, ამერიკული მედია ვარაუდობს, რომ სასჯელი 40 წელი ან უვადო იქნება, თუმცა ადვოკატი ამტკიცებს, რომ ხურციძეს ციხეში მაქსიმუმ ხუთი წლის გატარება მოუხდეს. არადა, იყო შანსი იმისა, რომ სხვების დარად, თავისუფლებაზე ავთოც გამოსულიყო, თუმცა... 

როცა ერთი წლის წინ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, ქართველი გულშემატკივრისთვის ნამდვილი შოკი იყო იმის გაგება, რომ დაკავებულებში ორი სპორტსმენი იყო _ მოკრივე ხურციძე და ბრძოლა წესების გარეშე მებრძოლი ლევან მაყაშვილი, თუმცა მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, რადგან მასზე სერიოზული სამხილები არ ჰქონდათ, ხურციძე კი... 

„ჩვენ შეგვეძლო სპეცოპერაცია რამდენიმე კვირით ადრე დაგვეწყო, რადგან უამრავი მტკიცებულება გვქონდა, მაგრამ ხურციძის ჩამოსვლას ველოდით. ის ამერიკაში არ იმყოფებოდა და როგორც კი შტატებისკენ მომავალ თვითმფრინავში ავიდა, სპეცოპერაცია დავიწყეთ, ხურციძე კი აეროპორტი დავაკავეთ“, _ ამბობდა მაშინ სპეცოპერაციის ხელმძღვანელი. 

 

ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელიც დაკითხეს, ქართველი მოკრივის მწვრთნელი, ანდრე როიზერი გახლდათ. ბევრის გასაკვირად, მასწავლებელმა კბილებით დაიცვა შეგირდი და განაცხადა, რომ ავთოსთვის ცუდი არასდროს არაფერი შეუნიშნავს და ის ძალიან კარგი მოკრივე იყო. როიზერმა ისიც თქვა, დარწმუნებული ვარ, საქმის ფედერალურ სასამართლოში განხილვის მიუხედავად, ხურციძე გამართლდებაო, თუმცა... ისე, მწვრთნელის სიტყვას ნაფიც მსაჯულებზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, რადგან ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ხურციძე როიზერის მერვე შეგირდია, რომელიც გისოსებსმიღმა აღმოჩნდა. 

რაც შეეხება დაჯგუფების ლიდერად მონათლულ რაჟდენ შულაიას. მასთან მიმართებაში ამერიკული სამართლის ისტორიაში, მეორედ გამოიყენეს ტერმინი კანონიერი ქურდი. მანამდე ეს ტერმინი ამერიკელმა ბრალმდებლებმა ვიაჩესლავ ივანკოვთან, იგივე „იაპონჩიკთან“ მიმართებაში იხმარეს. ქართველი კრიმინალის სამწუხაროდ, მის წინააღმდეგ ჩვენება არამარტო დაზარალებულებმა მისცეს, არამედ მისმა მებრძოლებმაც. შულაიას წინააღმდეგ, პრაქტიკულად, ყველამ მისცა ჩვენება, გარდა ხურციძესი. 

ყველაზე მოულოდნელი შულაიას იმპერიის მეორე კაცის _ ზურაბ ჯანაშვილის გატეხვა იყო. როგორც ამერიკული მედია წერს, სამართალდამცავებმა და ფსიქოლოგებმა ძალიან კარგად იმუშავეს და ჯანაშვილი, სამუდამო სასჯელის დაპირების შიშით, აიძულეს სასამართლოზე მთავარ მოწმედ გამოსულიყო. ამის შემდეგ გაირკვა, რომ ძვირადღირებული ადვოკატების მიუხედავად, შულაია თავს ვეღარ დაიძვრენდა. ჯანეზაშვილის აღიარებითი ჩვენება გარდამტეხი მომენტი იყო, რადგან ამის შემდეგ, დაკავებულთა თითქმის სრულმა შემადგენლობამ დანაშაული აღიარა და ყველამ თითი შულაიასკენ გაიშვირა _ ყველამ, გარდა ხურციძესი, რომელიც ბოლომდე ცდილობდა საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას, მაგრამ... 

„ბრაიტონ ბიჩიზე რუსეთის ყოფილ მოქალაქეს, ალექსანდრ კუცენკოს დაწესებულება აქვს. კუცენკო ყოფილი მოკრივეა, ის ციხეშიც იჯდა, ახლა კი გამოსწორდა და კანონმორჩილი მოქალაქეა. სწორედ მას მიადგნენ შულაია და ხურციძე. შულაიამ ის რაღაცაში დაადანაშაულა და ხელი გაარტყა, რის შემდეგაც საქმეში ხურციძე ჩაერთო და კუცენკო სასტიკად სცემა“,_ განაცხადა პროკურორმა და როცა აღნიშნული ორივე ბრალდებულმა უარყო, სასამართლოზე ამ მომენტის ამსახველი ვიდეო აჩვენეს. 

„კუცენკოს ყველგან კამერები ეყენა, თუმცა ამის შესახებ არავინ იცოდა, ამიტომ ყველაზე ბნელ კუთხეშიც კი, ის იღებდა ყველას და ყველაფერს, თუმცა თუ სპეციალურად არ დაძებნიდი, კედლებში ჩაშენებული კამერები არ ჩანს. სწორედ ამის გამო, შულაია და ხურციძე დარწმუნებული იყვნენ, რომ პროკურორებს მტკიცებულება არ ექნებოდათ, ხოლო როცა ვიდეო ანახეს, ორივე გაჩუმდა, ნაფიცმა მსაჯულებმა კი ბრალდებულებს არცერთი სიტყვა აღარ დაუჯერეს“,_ წერს ამერიკული მედია. 

ამას გარდა, შულაიას ვიზიტის შემდეგ, კუცენკო თავად მივიდა სამართალდამცავებთან და დაცვა მოსთხოვა. ამის ემდეგ, კუცენკოზე თვალთვალი დაწესდა და მისი ტელეფონიც ისმინებოდა. შესაბამისად, პოლიციამ კიდევ არაერთი მტკიცებულება მოიპოვა, მათ შორის გამოძალვის ფაქტიც. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ, პრაქტიკულად, ყველა შემთხვევაზე, შულაია ხურციძესთან ერთად მოძრაობდა. ყოველ შემთხვევაში, ამერიკული მედია სწორედ ამ ვერსიას ამტკიცებს. 

„სწორედ ამ თვალთვალის შედეგად დავადგინეთ, რომ შულაიას კიდევ ერთ კანონიერ ქურდთან _ არმენ კაზარიანთან უთანხმოება მოუხდა. ამბის გასარკვევად შულაია პირადად წავიდა და თან ხურციძეც წაიყვანა. დიდი იყო იმის ალბათობა, რომ სპეცოპერაცია სწორედ ამ შეხვედრის დროს დაგვეწყო, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი მშვიდად დასრულდა. ორივე მხარე იარაღით იყო მისული, თუმცა ბოლო მომენტში შულაიამ სროლა გადაიფიქრა. ეს შესაძლოა წინათგრძნობას დავაბრალოთ, შესაძლოა ინსტინქტს, მაგრამ ფაქტია, რომ მან შეხვედრა შუა გზაზე შეწყვიტა, კაზარიანს ხელი ჩამოართვა და შეურიგდა“, _ ეს სიტყვები სასამართლოზე სპეცოპერაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თქვა. 

სხვათა შორის, შულაიას დაკავების შემდეგ, კაზარიანიც დაიჭირეს და მისი სასამართლოც მიმდინარეობს. 

„მოქალაქენო, შულაია და მისი დაჯგუფება იპარავდა ყველაფერს. ისინი ადამიანებს, კეთილსინდისიერ ბიზნესმენებს არაფერს არ უტოვებდნენ _ ავტომობილებიდან დაწყებული შოკოლადით დამთავრებული. დიახ, ერთ-ერთ ბიზნესმენს ფული რომ ვერ გამოძალეს, რვა ტონა შოკოლადი წაართვეს და შემდეგ გაყიდეს. ამ ადამიანების გარეთ დარჩენა ჩვენი შვილების უსაფრთხოებაზე უარის თქმას ნიშნავს, რადგან დაუსჯელობის სინდრომი მათ უფრო დაუნდობლებს გახდის“, _ ეს იყო პროკურორის დასკვნითი სიტყვა და ნაფიც მსაჯულებსაც ბევრი არ უფიქრიათ. 

რა ვერდიქტი შეიძლება გამოიტანოს მოსამართლემ? საქმეს ამერიკაში ერთ-ერთი ცნობილი და პატივსაცემი მოსამართლე _ კეტრინ ფორესტი უძღვება. მან პრესისთვის კომენტარი გააკეთა და მიანიშნა, რომ დაკავებულების მიმართ გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებული აქვს. 

„საქმე ურთულესი ჩანდა. მე მსურდა, დაკავებული 33 ადამიანის პროცესი ცალ-ცალკე გამართულიყო, მაგრამ ბოლოს ოქროს მოწმე ალაპარაკდა და ამიტომ პროცესი გავაერთიანეთ. საბოლოოდ, აბსოლუტურმა უმრავლესობამ ყველაფერი აღიარა, რამდენიმე მათგანმა კი უარი თქვა აღიარებასა და მონანიებაზე, ამიტომ სასჯელი ადეკვატური იქნება“, _ განაცხადა ფორესტმა. 

საქმეში კი მხოლოდ ორი კაცის აღიარება არ დევს _ რაჟდენ შულაიასი და ავთანდილ ხურციძის. მედია ვარაუდობს, რომ სიმკაცრით ცნობილი კეტრინ ფორესტი შულაიას სამუდამოს მიუსჯის, ხურციძე კი შეიძლება „დაინდოს“ და 40 წელი აკმაროს, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, დაკავებულების ადვოკატი ირწმუნება, მაქსიმალური სასჯელი ხუთი წელი იქნებაო. 21 სექტემბერს სასამართლო საბოლოო სიტყვას იტყვის.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში