Menu
RSS

პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი 7 დეკემბრამდე უნდა აირჩიოს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს არ იქნება მოქმედი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი, თუმცა პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად განიხილება რამდენიმე კანდიდატურა. სამოქალაქო სექტორი სამ კანდიდატს განიხილავს _ კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილსა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. ამბობენ, რომ მესამე სექტორის კანდიდატურას პარლამენტში ნაციონალები წარადგენენ, რადგან ომბუდსმენის კანდიდატის წარდგენა მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციებს ან დამოუკიდებელ დეპუტატებს შეუძლიათ. კულუარებიდან ისიც ირკვევა, რომ სახელისუფლებო გუნდი არჩევანს სოფო ხორგუანსა და სოფო ჯაფარიძეს შორის აკეთებს. მოიაზრებდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროს თამარ ქალდანსაც თუმცა, ითქვა, მან ამ თანამდებობაზე თავად განაცხადა უარი. უფლებადამცველი სოფო ხორგუანი რესპუბლიკური პარტიის წევრი და სახალხო დამცველის მოადგილე გახლდათ. სოფო ჯაფარიძე კი, სხვადასხვა დროს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე სახალხო დამცველის მოადგილე იყო. ვისზე შეაჩერებს მმართველი გუნდი არჩევანს, უახლესი მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი, იმის გარკვევა ვცადეთ, აქვს თუ არა შანსი არასახელისუფლებო კანდიდატს და ზოგადად, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ომბუდსმენი. გთავაზობთ ინტერვიუს ყოფილ სახალხო დამცველ ნანა დევდარიანთან:
_ ქალბატონო ნანა, უჩა ნანუაშვილის საქმიანობას როგორ აფასებთ?
_ ზოგადად, სახალხო დამცველობა, ყველაზე უმადური საქმიანობაა _ იდეაში, ომბუდსმენი ყველაზე დაუცველი ადამიანების მხარეს უნდა იდგეს, მეორე მხარეს კი ხელისუფლების წარმომადგენლები ან დიდი შესაძლებლობების მქონე ადამიანები არიან. სუსტის მხარეს დგახარ და ყველა დარტყმა შენსკენ მოდის. უჩა ნანუაშვილი, როგორც უფლებადამცველი, ჩემს თვალწინ გაიზარდა. ის არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო და ამ მიმართულებით ბევრი აქვს ნამუშევარი. ჩემთვის გაუგებარი იყო მისი განცხადება, რომ საქართველოში სქესის შეცვლის პროცედურა უნდა გამარტივდეს. აქ პრიორიტეტების საკითხი დგას. ეს განცხადება შეიძლება ლოგიკასმოკლებული არ იყოს, მაგრამ ძალიან მცირე ჯგუფს ეხება. თუ ვინმეს პრობლემა შეექმნა, სახალხო დამცველს ჩარევის, დახმარების საშუალება აქვს, მაგრამ საჭიროა თუ არა ასეთი საჯარო განცხადება, როცა მოქალაქეების უმეტესობას ფიზიკურად გადარჩენის პრობლემა აქვს, სადავოა. თავის დროზე, ეს ,,სტანდარტი'' გიგა ბოკერიამ დაამკვიდრა _ მთავარია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები. ხელოვნურად იქმნება პრიორიტეტული საკითხები და მთელი მედია მათზეა ორიენტირებული, არადა საზოგადოებას სულ სხვა პრობლემები აქვს. ნანუაშვილის საქმიანობის შეფასება რთულია. პარლამენტიც კი არაა უფლებამოსილი, ომბუდსმენის საქმიანობა შეაფასოს. საკანონმდელო ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს ინფორმაცია და განახორციელოს ომბუდსმენის რეკომენდაციები. სხვა საქმეა ეს რამდენად ხდება, რადგან რეკომენდაციაზე ყოველთვის იტყვიან, რომ არ არის სავალდებულო.
_ ანუ, ხელისუფლება ნანუაშვილის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდა?
_ ბევრი პრეტენზია გამოითქვა თეა წულუკიანის გამონათქვამზე, ნანუაშვილი უსამართლოაო. ჩემი განწყობა ვანო მერაბიშვილის მიმართ არასდროს იყო დამალული, მაგრამ სახალხო დამცველი პატიმრის მხარეს უნდა დადგეს. იუსტიციის მინისტრის მხრიდან ასეთი განცხადება არამართებულია, რადგან სახალხო დამცველი საკონსტიტუციო თანამდებობის პირია, მას მკვეთრად შემოფარგლული მანდატი აქვს. ერთ ისტორიას მოგიყვებით: როცა ომბუდსმენი ვიყავი, სტრასბურგში ჩავედით. ელჩი ლანა ღოღობერიძე იყო. მისაყვედურა, არ მეხმიანებიო. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა: ქალბატონო ლანა, რით ვერ გაიგეთ, ეს ადამიანებს ჩვენგან იცავსო. ესაა მნიშვნელოვანი. ესპანეთის ყოფილ ომბუდსმენს აქვს ნათქვამი ჩემთვის, ზუსტად ვიცოდი, მეორე ვადით არ ამირჩევდნენ, რადგან ყველა მოვიმდურე ხელისუფლებაშიო. ამ თანამდებობაზე რომ მოდიხარ, ეს უნდა იცოდე. მეც დაპირისპირებული ვიყავი ხელისუფლებასთან.
_ თუმცა ნანუაშვილზე ამბობენ, რომ არც ისე დაპირისპირებულია ხელისუფლებასთან და ,,რბილი'' ომბუდსმენი გამოდგა...
_ ხელისუფლებას ვამბობ მმართველ ძალასთან ერთად ოპოზიციასაც მოვიაზრებ. როცა პოლიტიკურ ჯგუფებს საკუთარი ინტერესები აქვთ, ცდილობენ, ომბუდსმენი მათ მოარგონ. სახალხო დამცველი რაღაცაში შეიძლება, ,,რბილია'', რაღაცაში ხისტი და ყველას აქვს საფუძველი, იყოს უკმაყოფილო. ამიტომ ყველა ის კანდიდატურა, რომელიც სახელდება, კარგად უნდა დაფიქრდეს, მზად არის თუ არა, ამ ბრძოლაში შესასვლელად.
_ სახელისუფლებო კანდიდატებად სოფო ხორგუანი და სოფო ჯაფარიძე მოიაზრებიან. მათზე რა ინფორმაცია გაქვთ?
_ სოფო ხორგუანს პირადად ვიცნობ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ,,გაეროს უმაღლესი კომისარიატის'' წარმომადგენლის ოფისში მუშაობდა. ვისაც არ იცნობ, ძნელია მასზე იმსჯელო. ის, რომ ხორგუანი რესპუბლიკური ან სხვა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი იყო, ჩემთვის არაფერს ნიშნავს, რადგან ოდესღაც მეც ვიყავი სოციალისტურ პარტიაში, მაგრამ წავედი სახალხო დამცველად და საკუთარ პარტიასთან მომიწია დაპირისპირება. მთავარი ისაა, მოახერხებს თუ არა მომავალი ომბუდსმენი, ამ ხელოვნურად დამკვიდრებული ლიბერტარიანული ტრენდის ხაზთან დაპირისპირებას. თუ ყველაფერი ისევ იქით წავიდა, რომ სექსუალური და რელიგიური უმცირესობების უფლებები უნდა იყოს პირველ ადგილზე და თუ ეს ბალანსის გრძნობა დაკარგა სახალხო დამცველმა...
_ უკაცრავად, სახალხო დამცველმა უმცირესობების უფლებების დაცვაზეც ხომ უნდა იზრუნოს?
_ დიახ, მაგრამ ის კონკრეტულ ფაქტებზე უნდა იყოს ორიენტირებული. როგორც კი კონკრეტიკასთან მიდიხარ, ხვდები, ადამიანის უფლება ნამდვილად დაირღვა თუ არა, ეს ტენდენციაა თუ _ არა... პრაქტიკაში არ შემხვედრია სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, რომელმაც სამსახური ვერ იშოვა ან დაკარგა სექსუალური ორიენტაციის გამო. არადა, უამრავი ჰეტეროსექსუალი სამსახურს ვერ შოულობს. ამ თანამდებობაზე ყოფნისას, ჩემი ნახევარი წლის ანგარიში 600 გვერდამდე გამოდიოდა. ჯერ კიდევ 2002 წელს მაქვს რეკომენდაცია მიცემული, რომ სახელმწიფომ შექმნას წინასწარი შეტყობინების სისტემა. ერთხელ ზაჰესში კაშხალზე წყალი გაუშვეს და 2 ბავშვი დაიხრჩო. მას შემდეგ 15 წელი გავიდა და მსგავსი სამსახური არ შექმნილა. მიუხედავად იმისა, რომ ,,ვერეს ტრაგედიაც'' მოხდა. ეს ერთი ადამიანის კი არა, ადამიანთა დიდი ჯგუფის სიცოცხლის უფლებას უკავშირდება. აი, ეს და მსგავსი პრიორიტეტები უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მომავალ სახალხო დამცველს.
_ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ არასახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვება სახალხო დამცველის პოზიციაზე?
_ არც მე ვიყავი სახელისუფლებო კანდიდატი. შევარდნაძეს არ ეშინოდა ამგვარი გადაწყვეტილებების. მთავარი არაა, ვისი კანდიდატი გავა, მაგრამ ,,ოცნება'' მუდმივად ახდენს დემონსტრირებას, რომ აუცილებლად თავის გადაწყვეტილებას გაიტანენ, ამიტომ ოპოზიციის კანდიდატურას რომ ,,ჩააგდებენ'', ცალსახად ცნობილია.
_ ხორგუანსა და ჯაფარიძეს შორის რომელს დაუჭერდით მხარს?
_ მე რომ პარლამენტში ვიყო და ჩემი ერთი ხმა წყვეტდეს საკითხს, მოვუსმენდი ორივე კანდიდატს. ხორგუანს ვიცნობ, ჯაფარიძეს _ არა. ასეთ შემთხვევაში სუბიექტური ფაქტორებიც არსებობს, ამიტომ ყველამ უნდა წარადგინოს სამოქმედო გეგმა და პარლამენტმა ამის მიხედვით უნდა გააკეთოს არჩევანი.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში