Menu
RSS

რა საფრთხეებს ხედავენ ექსპერტები და რა ინიციატივები არ გაითვალისწინა საკონსტიტუციო კომისიამ

საკონსტიტუციო ცვლილებებზე აჟიოტაჟი რამდენიმე საკითხმა გამოიწვია და ერთ-ერთი, ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივებაა. კერძოდ, ზოგი კონსტიტუციონალისტი აცხადებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ დაწყებული ე.წ. პასპორტიზაციის ფონზე, ეს გამარტივება საფრთხისშემცველია. მაინც, რა სახის ცვლილება შედის ამ კუთხით ქვეყნის უმთავრეს კანონში და ვის შეეძლება ორმაგი მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება? _ ,,ვერსია'' საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ გიორგი გოცირიძეს და კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.
როგორც გიორგი გოცირიძე ამბობს, კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. თუ პირს საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს, პრეზიდენტს აქვს სრული დისკრეცია, მას მოქალაქეობა მიანიჭოს. ახალ კონსტიტუციაში კი წერია, რომ პრეზიდენტის ეს უფლებამოსილება წესრიგდება ორგანული კანონით, რომელსაც პარლამენტი იღებს.
საია-ს იურისტი განმარტავს, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ძალაში მომავალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ ანუ 2018 წლიდან შევა. გოცირიძე ხაზს უსვამს, რომ აქამდე პრეზიდენტი ერთპიროვნულად წყვეტდა, ვისთვის მიენიჭებინა ორმაგი მოქალაქეობა და ვისთვის არა:
,,ორმაგი მოქალაქეობა საფრთხეს არ შეიცავს, მაგრამ აქ სხვა პრობლემაა. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში ადამიანების უმრავლესობას საქართველოს მოქალაქეობა იმიტომ აქვს დაკარგული, რომ სომხეთში ან რუსეთში სწავლისა თუ მუშაობის გამო, იქაური მოქალაქეობა მიიღო. პრეზიდენტი კი ორმაგ მოქალაქეობას ისე ანიჭებდა, არც ასაბუთებდა. ეს ინდივიდუალური შეფასების შესაძლებლობა ამიერიდან კანონით მოწესრიგდება''.
მოკლედ, თუკი აქამდე მოქალაქეობის მინიჭების საკითხს პრეზიდენტი კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრავდა, ამიერიდან ამ კრიტერიუმებს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი განსაზღვრავს.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს მიაჩნია, რომ ეს, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, სერიოზული საფრთხისშემცველია:
_ მთავარი საფრთხე რუსეთის პოლიტიკაა, რომელსაც მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით ატარებს და მეზობელ სახელმწიფოებში შეჭრას საკუთარი მოქალაქეების ,,დაცვის'' საბაბით ამართლებს. სწორედ ამის გამო, საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობისას, ეს საკითხი რამდენიმე ადამიანთან ერთად დავაყენე, მაგრამ უშედეგოდ.
_ კომისიას რა წინადადებას სთავაზობდით?
_ ვითხოვდით, არსებული ნორმა ოდნავ შეცვლილი სახით დარჩენილიყო ანუ ორმაგი მოქალაქეობის უფლება ჰქონოდათ პირებს, რომელთაც საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც დაბადებით მიიღეს, მაგალითად, თუ საქართველოს მოქალაქეთა შვილი აშშ-ში დაიბადება, ავტომატურად, შტატების მოქალაქე ხდება. ჩვენ კი ვამბობდით, რადგანაც საქართველოს მოქალაქეთა შვილია, ავტომატურად საქართველოს მოქალაქეც გახდესო.
ასევე, გვქონდა წინადადება, კონსტიტუციით აკრძალულიყო სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის (პარლამენტის წევრები, პრეზიდენტი, მთავრობის წევრები და ა.შ.) სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
_ რატომ?
_ ასეთ დროს ინტერესთა კონფლიქტი ჩნდება. წარმოიდგინეთ, საქართველოსა და რომელიმე სხვა ქვეყნის ურთიერთობის საკითხია გადასაწყვეტი, ასეთ დროს ორმაგი მოქალაქეობის თანამდებობის პირმა ვისი ინტერესი უნდა დაიცვას?
_ საია-ს იურისტის თქმით, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ნაწილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს სომხური ან რუსული პასპორტის მიღების გამო ამბობს, ამიტომ საქართველოში პრობლემები ექმნება. ისიც ცნობილია, რომ უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტები დიდი ხანია ორმაგი მოქალაქეობის გამარტივებას ითხოვენ. ამ მხრივ ზემოხსნებული ცვლილება განა დადებითი არაა?
_ არა, ბატონო. როცა სხვა ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეებიც ხდებიან, არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც ეძლევათ. რუსეთის მილიონამდე მოქალაქე ქართველია, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. ჰოდა, ამ ხალხს ორმაგი მოქალაქეობა რომ ჰქონდეს, ხომ გაჩნდება საფრთხე, არჩევნებში მხარი ისეთ პარტიას დაუჭიროს, რომელიც რუსეთის ინტერესების გამომხატველია?! ქვეყნის მოქალაქეობა სახელმწიფოსთან პირის პოლიტიკური კავშირია ანუ მოქალაქეობა პირს მხოლოდ უფლებებს კი არ აძლევს, არამედ ქვეყნისადმი ვალდებულებებსაც აკისებს; მაგალითად, შეიარაღებული კონფლიქტის დროს იმ პირის მდგომარეობა წარმოიდგინეთ, რომელიც საქართველოს მოქალაქეცაა და იმ ქვეყნისაც, რომელთანაც შეიძლება, სამხედრო კონფლიქტი გვქონდეს ანუ თუ ომში რომელიმე მხარეს ჩაერთო, ყველა ვარიანტში დამნაშავედ გამოცხადდება.
კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: საქართველოს და უამრავი სხვა ქვეყნის კანონმდებლობით, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან სპეცსამსახურში მუშაობა ეკრძალება. იმავდროულად, ბევრ ქვეყანაში მოქალაქეს აქვს ვალდებულება, სამხედრო სამსახური გაიაროს და თუ არ გაიარა, ეს დანაშაულად ეთვლება. წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს მოქალაქემ, რომელიც რუსეთის მოქალაქეცაა, თუ აქ არ მოიხადა სამხედრო ვალდებულება, დამნაშავე იქნება ცნობილი და ასევე, რუსეთიც დეზერტირად გამოაცხადებს. რა ქნას საწყალმა პეპელამ _ არც გაფრინდეს და არც მოფრინდეს?
დიდი პრობლემა ჩნდება პენსიით უზრუნველყოფის საკითხშიც _ რომელმა ქვეყანამ უნდა გადაუხადოს პირს პენსია, ორივემ?
_ ორმაგი მოქალაქეობა აქამდეც არსებობდა და ზემოხსენებული პრობლემები როგორ გვარდებოდა?
_ აქამდე ორმაგი მოქალაქეობის რიცხვი დიდი არ იყო, თან კონსტიტუციაში ეწერა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა პირს შეიძლება, საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ან სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მიენიჭოს. ე.ი. პირი საქართველოსთვის საჭირო უნდა ყოფილიყო. ასეა სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, გავრცელებული მაგალითია, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე მაღალი კლასის სპორტსმენს ორმაგ მოქალაქეობას იმიტომ ანიჭებენ, რომ ამ ქვეყნის ნაკრებში ითამაშოს. თუ პირს ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს, სახელმწიფომ პენსიაც რომ მისცეს, თუნდაც სხვა ქვეყანაშიც იღებდეს, ამას გამართლება აქვს.
ორმაგი მოქალაქეობა შეიძლება, გამონაკლისის წესით მიენიჭოს, მაგრამ ჩვენნაირი სახელმწიფოსთვის ამის ტოტალურად დაშვება სახიფათოა, ძლიერი ქვეყანა რომ ვიყოთ, პრობლემა არ იქნებოდა.
_ როგორც ვხვდები, ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ორმაგ მოქალაქეობას ისევ პრეზიდენტი მიანიჭებს, მაგრამ ორგანული კანონით იხელმძღვანელებს, არა?
_ დიახ, ასეა... შეიძლება, კანონით გარკვეული შეზღუდვები დადგინდეს, მაგრამ არავინ იცის, ეს რა ტიპის ცვლილებები იქნება.
_ ამას ხომ პარლამენტი გადაწყვეტს?
_ მაშინ კონსტიტუცია რად გვინდა?! კანონებს პარლამენტი იღებს, კონსტიტუცია კი უფლებების მიმნიჭებელი და შემზღუდველი დოკუმენტია. კონსტიტუცია ჩარჩოებს ადგენს. კანონს კი, რომელმაც ქვეყანას შეიძლება, ზიანი მიაყენოს, ვერ მიიღებენ და თუ მაინც მიიღეს, საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს, როგორც კონსტიტუციასთან შეუსაბამოს, ამიტომ კონსტიტუციის მნიშვნელობა იმ წითელი ხაზების გავლებაა, რისი არქონაც არასწორი გადაწყვეტილებების რისკს ზრდის.
_ ერთი სიტყვით, ბატონო ვახტანგ, ფიქრობთ, მოქალაქეობის მინიჭების ერთპიროვნული უფლება მხოლოდ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს?
_ დიახ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას აბსოლუტურად თავისუფალი არც პრეზიდენტი იყო.
_ რატომ?
_ რატომ და, კონსტიტუციით იყო განსაზღვრული, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებისას პირი რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. როცა მოქალაქეობის მინიჭება საგამონაკლისო წესით ხდება, პრეზიდენტს ამ პირის შესახებ, მოკვლევის საფუძველზე, აწვდიან ინფორმაციას, რომელშიც ამ პირთან დაკავშირებული ყველა დეტალია აღნიშნული. ხომ შეიძლება, პირი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დევნილი იყოს ან სასჯელი მძიმე დანაშაულისთვის ჰქონდეს მოხდილი? ასეთ დროს პრეზიდენტი უფლებამოსილია, მას მოქალაქოება მიანიჭოს თუ არა და ეს მისი სამართლებრივი კი არა, პოლიტიკური პასუხსმგებლობა იქნება. ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ კი მთლიანად კანონზე იქნება დამოკიდებული, კარი რამდენად გაიღება, რადგან კონსტიტუციური ჩარჩო აღარ იარსებებს.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში