Menu
RSS

რა გაუმხილა „ვერსიას“ კულტურის პალატის პრეზიდენტმა და უჩივლებს თუ არა მას სასამართლოში პროფკავშირების თავმჯდომარე

16 სექტემბერს გაერთიანებული პროფკავშირი თავმჯდომარეს აირჩევს, დუღილის ტემპერატურამ კი საშიშ ნიშნულს უკვე მიაღწია _ კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დათო ოქიტაშვილმა ღიად დააფიქსირა, რომ თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს და მოქმედი თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის მიმართ გაილაშქრა. გაისმა არაერთი ბრალდება და ერთგვარი საარჩევნო კამპანია წესების გარეშე ბრძოლაში გადაიზარდა.
 
გამოითქვა უამრავი ვარაუდი, ჭორ-მართალიც ისე აიზილა ერთმანეთში, ვინ საით უბერავს, ვერ გაიგებ... ზოგი ამბობს, ,,ოქიტა'' ხელისუფლების თამაშს თამაშობს, რადგან პეტრიაშვილმა რკინიგზელების მხარდაჭერით, ვიღაცებს წყალი შეუყენაო; ზოგი პეტრიაშვილის ბეგრაუნდს იხსენებს, მას ნაცების ხელდასხმულს უწოდებს და 2005 წელს ახსენებს _ იარაღის ძალით პროფკავშირების იმჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი ტუღუში მოიცილესო...
ასეა თუ ისე, ფაქტია, პიარში ყველაფერი ,,მოსულა'' და გამარჯვებულის გამოვლენამდე არცთუ დიდი დროა. მანამდე კი ,,ვერსიამ'' სცადა გაერკვია, რატომ გადაწყვიტა ოქიტაშვილმა იმ თანამდებობისთვის ბრძოლა, რომელიც წესით, ისე უნდა სჭირდებოდეს, როგორც ძაღლს მეხუთე ფეხი და რა პასუხი აქვს მის ბრალდებებზე ირაკლი პეტრიაშვილს.
ოქიტაშვილმა ,,ვერსიასთან'' დაიქადნა _ ირაკლი პეტრიაშვილს თავისივე მოედანზე, კანონიერი გზით დავამარცხებო და ბრალდებები სეტყვასავით დაუშინა. ,,სადაც უნდა, იქ მიჩივლოს!'' _ ასეთია ,,ოქიტას'' პათოსი, რომელიც ოპონენტს სანდრო გირგვლიანის მკვლელების მფარველობაშიც ამხელს და მიიჩნევს, რომ ის აუცილებლად ციხეში უნდა იჯდეს, რადგან ,,მკვლელების მფარველი ისეთივე მკვლელია!''
დათო ოქიტაშვილი აღნიშნავს, რომ ირაკლი პეტრიაშვილს ჯერ კიდევ 2013 წელს ღიად დაუპირისპირდა: ,,ქობულეთში ყრილობაზე ავდექი და ხმამაღლა ვუთხარი _ მე შენ არ გაძლევ ხმას... აქამდე მეგონა, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა, პროფკავშირი იქნებოდა ხალხის და არა პეტრიაშვილის. ჩვენ ველოდებოდით ყრილობის ჩატარებას, სადაც უნდა გამოვსულიყავი და წამეყენებინა ის ბრალდებები, რაც მის მიმართ დაგროვდა ამ 12 წლის განმავლობაში... მაგრამ მოვლენები სწრაფად განვითარდა. მან გამგეობის წევრი სამსახურიდან გაათავისუფლა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელი არ მოუწერა, რათა მორიგი ქონება გაეყიდა მაჩაბლის ქუჩაზე და ხელში ჩაეგდო მილიონები. პროფკავშირის ქონებას ისე ყიდის, არავის არაფერს ეკითხება, გამგეობის წევრებს დაშინებით აწერინებს ხელს, თუმცა გაყიდული ქონებიდან შემოსული თანხები სად მიდის, ეს უკვე აღარავინ იცის.
ოფიციალურად მივმართე მთავარ პროკურატურას, აუდიტის სამსახურსა და მსოფლიო პროფკავშირს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაიხსნას პროფკავშირის კარი და ერთობლივად შეამოწმონ სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის მკვლელის საქმიანობა. როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ ადამიანის თავხედობა?!''
რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ირაკლი პეტრიაშვილს გირგვლიანის საქმესთან, ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. ოქიტაშვილი ამბობს, ირაკლი პეტრიაშვილი გირგვლიანის მკვლელებს ციხეში სტუმრობდაო: ,,მკვლელების მფარველი და თანამონაწილე ჩემთვის მკვლელია. კადრებიც არსებობს, როგორ შედიოდა ირაკლი პეტრიაშვილი გირგვლიანის მკვლელებთან ციხეში და როგორ ეფერებოდა მათ'', _ ამბობს ოქიტაშვილი და დასძენს, რომ სწორედ ,,ირაკლი პეტრიაშვილმა მოხსნა კობა კობალაძის მამა კულტურის ცენტრი დირექტორის თანამდებობიდან და მის მაგივრად გერონტი ალანიას მამა დანიშნა. მოგვიანებით, კობალაძემ იჩივლა და როგორც ვიცი, სასამართლოც მოიგო, თუმცა იგი თანამდებობაზე აღარ აღუდგენიათ.
ვფიქრობ, არჩევნებზე დელეგატები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და კიდევ რამდენიმე წლით არ გაუხანგრძლივებენ სათავეში ყოფნას გირგვლიანის მკვლელს!''
ოპონენტი პეტრიაშვილს პროფკავშირის თავმჯდომარის პოსტზე მოსვლასაც ახსენებს და ამბობს, რომ იგი მერაბიშვილმა, ადეიშვილმა და სხვა ზონდერებმა მოიყვანეს ამ თანამდებობაზე: ,,ყველამ კარგად იცის, როგორ გაათავისუფლეს ირაკლი ტუღუში. იარაღით შეცვივდნენ, კარი აჭედეს... აქედანვე ვაცხადებ _ ამ მეთოდებით ბრძოლას არ ვაპირებ. მე არჩევნების გზით, თავისვე მოედანზე დავამარცხებ მას და საზოგადოება დაინახავს, რომ კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს. პეტრიაშვილს არ აქვს მორალური უფლება, იყოს მუშათა კლასის წარმომადგენელი. ქონება, რომელიც გააჩნია პროფკავშირს, ხმარდება მხოლოდ მას და მის კლანს. ვსვამ კითხვას _ 21-ე საუკუნეში ადამიანებმა რატომ უნდა მიმართონ შიმშილობას?! აქციის მონაწილეებს სოლიდარობას ვუცხადებ, თუმცა ისინი შეცდომაში არიან შეყვანილები. პროფკავშირის ლიდერს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, საქმე აქამდე რომ არ მისულიყო. პეტრიაშვილმა ეს აქცია სათავისოდ გამოიყენა. მითხარით, როგორ შეიძლება პროფკავშირის შენობაში არსებობდეს სახინკლე, საქაბაბე, ნაგავს მიჰქონდეს იქაურობა და ამ დროს, გაერთიანებული პროფკავშირები ყველა დარგისგან ყოველთვიურად იღებდეს გარკვეულ თანხას იმისთვის, რომ მისვე შენობაში დაუთმო ოფისი?!
მეტსაც გეტყვით _ არც ერთ დარგს არ უსარგებლია იმ სანატორიუმებით, რომელიც გაერთიანებული პროფკავშირის ბალანსზეა. მხოლოდ თვითონ სარგებლობდნენ, აქირავებენ და თანხებს იჯიბავენ.
ხომ გახსოვთ, ახალგაზრდები რომ შეუცვივდნენ მაღლაფერიძეს ტელევიზიაში? მაშინ მათ ირაკლი პეტრიაშვილი აძლევდა მითითებს; ესაა დადასტურებული ინფორმაცია, ასე რომ, სადაც უნდა იქ მიჩივლოს! ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ რკინიგზაში გეგმავდა შევარდნას... როდესაც ბორჯომის ტყეში ხანძარი იყო და ერი თუ ბერი მხოლოდ იმაზე იყო მობილიზებული, ქვეყანა ამხელა განსაცდელისგან ეხსნათ, ეს სტრატეგიული ობიექტის გადაკეტვას აპირებდა. ეს ადამიანი ვიღაცებისგან მართულია და არის აგონიაში.
გეკითხებით _ 2005 წლიდან გინახავთ, პეტრიაშვილი რომელიმე სტრუქტურის წინ დამჯდარიყო, შიმშილობა დაეწყო და რომელიმე პირის გადადგომა მოეთხოვა?! კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვაცხადებ _ თანავუგრძნობ მოშიმშილეებს, უბრალოდ საკითხი დიალოგით უნდა გადაწყდეს და ვიმეორებ,
პეტრიაშვილს თავისივე მოედანზე დავამარცხებ ანგარიშით _ 100:0!''
თავის მხრივ, ირაკლი პეტრიაშვილსაც აქვს საკუთარი სიმართლე, რომელიც ,,ვერსიასთან'' აცხადებს, რომ ამ ყველაფრის ასე დატოვებას აპირებს და სარჩელის შეტანასაც გეგმავს:
_ ოქიტაშვილი თვითონ ამბობს, მთავრობას ულტიმატუმის ენით არ უნდა ესაუბრო და რეალურად მთავრობა, რასაც იტყვის იმას უნდა აკეთებდეს პროფკავშირებიო... რკინიგზის ადმინისტრაციის განცხადებები, რომელსაც ერთი ერთში იმეორებს ოქიტაშვილი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო მანქანაა ჩართული პროფკავშირების წინააღმდეგ მხოლოდ იმის გამო, რომ პროფკავშირების აქტივისტები, რკინიგზელები დგანან რკინიგზის შენობის წინ და ლანძღავენ რკინიგზის დეპარტამენტის ადმინისტრაციას.
ესენი ცდილობენ, ქვეყნის მასშტაბით ჰყავდეთ მართული მარიონეტი, რომელიც მთავრობის ყველა გადაწყვეტილებასა და ყველა სტრუქტურის ქმედებას ტაშს დაუკრავს და წაახალისებს...
მათ ძალიან კარგად იციან, რომ გაერთიანებული პროფკავშირები შიმშილობის აქციის წამხალისებელი არ ყოფილა არა იმიტომ, რომ პროტესტს არ იმსახურებენ, უბრალოდ არ ვარ მომხრე, ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ. მე კი როგორ უნდა მოვქცეულიყავი ამ სიტუაციაში, მართლა არ ვიცი... რა როლი ჰქონდა პროფკავშირებს, როგორც ჩანს, ეს იცის ოქიტაშვილმა, რომელიც ამდენი ხანი გუნდრუკს უკმევდა გაერთიანებულ პროფკავშირს, თუმცა ეს ნამდვილად არც მჭირდებოდა!
_ ოქიტაშვილი ამბობს, რომ საქმე შიმშილობამდე არ უნდა მისულიყო...
_ ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ პირადად მე და რკინიგზის პროფკავშირების ხელმძღვანელმა ეს პროცესი 15 აგვისტომდე შევაჩერეთ.
_ როგორ ფიქრობთ, რკინიგზის სკანდალი გადაიყოლებს ირაკლი პეტრიაშვილს?
_ ირაკლი პეტრიაშვილს გადაიყოლებს თუ არა, ამაზე არაა საქმე. ირაკლი პეტრიაშვილი არის ამ დელეგატების მიერ არჩეული, ჩემი რენომე და ბეგრაუნდიც ცნობილია მსოფლიო პროფკავშირებისთვის... გახლავართ ევროპის პროფკავშირების თავმჯდომარე და მადლობა ღმერთს, ოქიტაშვილსა თუ მის დამკვეთებს მასზე გავლენა არ აქვთ... ასე რომ, ჩემ ძირითად თანამდებობას, რა თქმა უნდა, საფრთხე არ ემუქრება, ხოლო ქართული პროფკავშირი იქნება თუ არა მთავრობის, სახელისუფლებო ერთი გუნდისა თუ ერთი მიმართულების ხელში, ეს დელეგატების გადასაწყვეტია... საინტერესოა, სახელმწიფო მანქანა რამდენად მოახერხებს მათ დაშანტაჟებას ისეთი აბსურდული ბრალდებების წამოყენებით, რასაც ჰქვია ბუტა რობაქიძისა თუ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, ქონების განიავება და ასე შემდეგ... ასეთივე სკანდალი იყო 2013 წელს და ღრუბელივით გაიფანტა.
_ ანუ ციხეში გირგვლიანის მკვლელები არ მოგინახულებიათ? ამბობენ, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი, ვინმე ორჯონიკიძე თქვენი ნათესავია...
_ 2013 წელსვე გაეცა ამ კითხვებს პასუხი... რომელი ადამიანებიც შედიოდნენ ციხეში, ჩანს კადრებში და მითხარით, ჩემი სახე დაფიქსირებულია? რაც შეეხება ნათესაურ კავშირებს, მივმართე შესაბამის სტრუქტურებს, პროკურატურას, იქნებ გაარკვიონ, სად მყავს ასეთი ნათესავები, ვინაა ეს ორჯონიკიძე, როგორ მენათესავება?! სახე მაინც დამანახეთ! ან ნაციონალებთან რა კავშირში შეიძლება ვიყო, როცა დოკუმენტაციაც არსებობს, როგორ ითხოვდნენ ისინი ჩემს გადაყენებას... რამდენი სულელიც რამეს იტყვის, ახლა თავი უნდა ვიმართლო თუ რა გავაკეთო? ბედნიერი ვარ, სხვა რომ ვერაფერი ნახეს ამ 12 წლის მანძილზე და ოპონენტადაც ოქიტაშვილის გარდა ვერავინ მოძებნეს. იმ სამსერიანი ფილმის გადაღებას, აჯობებს, გაჭირვებულ ადამიანებს მოახმარონ სახელმწიფო ფინანსები. რაც შეეხება თითქოსდა ქონების განიავებას, ესაა სრული აბსურდი...
_ რას აპირებთ, ბატონო ირაკლი?
_ სარჩელს ვამზადებთ და შევიტანთ სასამართლოში... ფაქტია _ სახელმწიფო სტრუქტურების პროფკავშირებში მოსვლის შემთხვევაში, საერთაშორისო თანამეგობრობა ამას საკადრის პასუხს გასცემს და საქართველო აღმოჩნდება ბელარუსისა და ყირგიზეთის გვერდით, რომლებიც ცივილიზებულმა სამყარომ, მსოფლიო პროფკავშირებმა გარიცხა თავისი რიგებიდან.
თამარ ლომსაძე

დაბრუნება დასაწყისში