Menu
RSS

რაზე ვერ შეთანხმდნენ და რას აპირებენ პოლიტიკური პარტიები

ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი ოპოზიციური პარტიები 6 სექტემბერს სტრასბურგში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრაზე გაემგზავრებიან. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს მიიღო. საქმე ის გახლავთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან დიალოგის შესახებ ოპოზიციის აზრი ორად გაიყო. ერთი მხრივ საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი სტრასბურგში ვენეციის კომისიის მოდერატორობით ულტიმატუმების გარეშე აუცილებელია, ხოლო ე.წ. დაიცავი კონსტიტუციის ფორმატში შემავალი პოლიტიკური მოძრაობები მიიჩნევენ, რომ თუ ხელისუფლება უპირობოდ არ დათანხმდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას, დიალოგსა და სტრასბურგში გამგზავრებას აზრი არ აქვს. ამ მოსაზრებებით ერთმანეთს ახალი მემარჯვენეების ლიდერი მამუკა კაციტაძე და თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე შალვა შავგულიძე დაუპირისპირდნენ. ,,ვერსია'' ორივე პოლიტიკოსს დაუკავშირდა და მათი არგუმენტების გაგებას შეეცადა.
მამუკა კაციტაძის განმარტებით, 15 კვალიფიციური ოპოზიციური პარტიის საკოორდინაციო საბჭო შეჯერდა და პოზიცია დოკუმენტად აქცია, რომელშიც 4 მოთხოვნაა: მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციული სისტემის დამკვიდრება. გაუნაწილებელი მანდატების დონტის წესით განაწილება; 5%-იანი საარჩევნო ბარიერის 3%-მდე შემცირება; ბლოკების, გაერთიანებების არ აკრძალვა; პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის ძალაში დატოვება.
,,როცა ნაცმოძრაობამ წამოწია საკითხი, თავი დავანებოთ სხვა მოთხოვნებს და მხოლოდ ერთი საკითხი _ პროპორციული სისტემა დავტოვოთ სამსჯელოდო, ზოგი პარტია გადაერთო მათ დღის წესრიგზე'', _ განმარტა კაციტაძემ და ,,დაიცავი კონსტიტუციის'' ფორმატში არსებული პარტიებიც დაასახელა: თავისუფალი დემოკრატები, სახელმწიფო ხალხისათვის, ევროპული საქართველო და ა.შ
,,ახლების'' ლიდერის განმარტებით, ნაცმოძრაობას არ აწყობს ბლოკების შენარჩუნება, რადგან გაერთიანების გარეშე ფინანსურად სუსტი პარტიები კონკურენციას ვერ უწევენ და უფრო იმკვიდრებს ე.წ. მთავარი ოპოზიციური ძალის იმიჯს. რაც შეეხება მანდატების განაწილების საკითხსა და ბარიერს, კაციტაძის განმარტებით, 2016 წელს 5%-იანი ბარიერის პირობებში ხმების დაახლოებით 20%, ანუ 16 მანდატი დარჩა გაუნაწილებელი. საიდანაც 2 მანდატი პატრიოტთა ალიანსმა, 7 ,,ქართულმა ოცნებამ'', 7 კი ნაცმოძრაობამ გაინაწილეს: ,,ამის შედეგად პარლამენტში ნაციონალებს 20-ის მაგივრად 27 მანდატი აღმოაჩნდა, ხოლო ,,ოცნებამ'' საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. გამოდის, ბარიერის არდაწევა და ბლოკების აკრძალვა ხელისუფლებასა და ნაციონალებს აწყობთ''.
მამუკა კაციტაძე აღნიშნავს, რომ ახალი მემარჯვენეები საბჭოს 4-პუნქტიანი პაკეტის ერთგულნი რჩებიან: ,,ტყუილია, რასაც შალვა შავგულიძე ქადაგებს, თითქოს, ვიღაც ,,საკენკს'' დათანხმდება. როგორ უნდა გაცვალო პროპორციული სისტემა ბარიერის შემცირება-არშემცირებაზე?! ან როგორ უნდა გაცვალო პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა ბლოკების აკრძალვაზე?! ეს წარმოუდგენელია! შავგულიძემ რამდენიმე პუნქტზე უარის თქმა რომ გაამართლოს, დაიწყო საუბარი, თითქოს ვიღაცებს სურთ წვრილმან საკითხებზე დათანხმება და წვრილ-წვრილ პარტიებად მოგვიხსენიებს. ჯერ ერთი, კონსენსუსი ყველა პარტიასთან უნდა შედგეს; მეორეც, დამენახოს, მსხვილი პარტია რომელია?! თავისუფალმა დემოკრატებმა წინა არჩევნებში ხმების 4.5% აიღო, მაგრამ მას შემდეგ პარტიიდან 2/3 წავიდა, ახლა ალექსანდრე ელისაშვილის ბლოკში არშესვლის გამო საერთოდ უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე და ჩვენ გვეუბნებიან, სუსტი პარტიები ხართო. მათ რა ალაპარაკებს, ვინც ნაცმოძრაობის ორბიტაზე ტრიალებს?!''
კაციტაძე აღნიშნავს, რომ სწორედ საკოორდინატო საბჭოს წერილის საფუძველზე გადაწყვიტა ვენეციის კომისიამ 6 სექტემბერს სტრასბურგში ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგის გამართვა: ,,ამის შემდეგ უცებ, ნაცმოძრაობა და ის პარტიები, რომლებიც ვითომ პრინციპულ იმიჯს იქმნიან, ამბობენ, თუ ხელისუფლება წინასწარ არ იტყვის, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ, მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავსხდებითო. როგორც კი მიიღო ხელისუფლებამ მათი ეს წერილი, განაცხადა, ულტიმატუმია და აზრი აღარ აქვს შეხვედრასო. რეალურად, ამგვარი პოზიციით შანსი მისცეს ხელისუფლებას, სტრასბურგს დაუსხლტეს''.
კაციტაძის განმარტებით, ვენეციის კომისიის მოდერატორობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ჯერ არასდროს გამართულა და ახლა ოპოზიციის ერთი ნაწილის ულტიმატუმებით საუბრის გამო მოლაპარაკება უნდა ჩაიშალოს: ,,ეს გათვლა იყო _ ერთი მხრივ, ,,ოცნება'' იხსნეს მოლაპარაკებებისა და ვენეციის კომისიის თვალწინ ლუსტრაციისგან. მეორე მხრივ, ნაცმოძრაობამ ,,ოცნებას'' დღის წესრიგიდან ამოაგდებინა ისეთი საკითხები, რომლებიც არც მას აწყობდა და არც ხელისუფლებას. რატომ არ უნდა მოხდეს სტრასბურგის შეხვედრა? მხოლოდ ნაცმოძრაობაა ოპოზიცია?!''
,,ვერსიის'' კითხვაზე, როგორ მოიქცევა ოპოზიცია, თუ ვენეციის კომისია კონსენსუსისთვის ოთხიდან რომელიმე პუნქტის დათმობას მოსთხოვს? კაციტაძე პასუხობს, რომ უკომპრომისო შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ოპოზიციამ უკვე ისედაც ბევრი დათმო: ,,საკომპრომისო და დასათმობი ოპოზიციას არაფერი აქვს, თუმცა ამაზე საბოლოო ვერდიქტის გამოტანა რთულია. გვაინტერესებს, რას გიპასუხებს სტრასბურგში ხელისუფლება. მან ხომ ვენეციის კომისიაცა და ქართული საზოგადოებაც დაარწმუნა, საქართველოში პროპორციული სისტემა უნდა დამკვიდრებულიყო, ბოლოს რატომ შეიცვალა პოზიცია? ან ბლოკების გაუქმებაზე რას გვეტყვის _ არ მინდა, ვინმემ შემცვალოსო? ეს ხომ არასერიოზულია. თუ ყველაფერი ასე მოხდა, შეთანხმება არ შედგება და ხელისუფლებას ვენეციის კომისიის თვალწინ სრული ლუსტრაცია მოუწევს, ამისთვის კი ნამდვილად მოუწევს პოლიტუკური ფასის გადახდა''.
ოპოზიციის მეორე ფლანგის პოზიციის გასაგებად, თავისუფალი დემოკრატების ლიდერს შალვა შავგულიძეს დავუკავშირდით, რომელმაც განმარტა, რომ მამუკა კაციტაძესა და კახა კუკავასთან გასაყოფი არაფერი აქვს, უბრალოდ სურს, საზოგადოებამ საკონსტიტუციო კანონის შესახებ კონსენსუსის არსი სწორად გაიგოს: ,,ხელისუფლებამ საკონსტიტუციო რეფორმის მიზეზად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა დაასახელა. ეს მოცემულობა მსჯელობის საგანი არ გამხდარა. შემდეგ ხელისუფლებამ მოულოდნელად საპარლამენტო განხილვების წინ შეცვალა პოზიცია და დაიწყო ისეთი კანონის მიღება, რომლითაც ქვეყანაში შერეული (მაჟორიტარულ-პროპორციული) სისტემა შენარჩუნდება. შექმნილ ვითარებაში ვენეციის კომისიამ მეტად ნეგატიური შეფასება გააკეთა და ხელისუფლებას მოუწოდა, კონსტიტუცია იყოს ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეთანხმების პროექტი. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მმართველმა ძალამ, რადაც უნდა დაუჯდეს, შეინარჩუნოს მაჟორიტარული სისტემა''.
შავგულიძის განმარტებით, ამის მისაღწევად ხელისუფლებას ორი გზა აქვს _ შექმნას კონსენსუსის იმიტაცია, მიაღწიოს შეთანხმებას რამდენიმე პარტიასთან მაჟორიტარული სისტემის პირობებში საარჩევნო ბარიერზე, ბლოკებზე და ა.შ, ან შექმნას ყალბი სურათი, თითქოს ოპოზიცია მზად არაა კონსენსუსისთვის. ასეთ დროს შავგულიძე ოპოზიციის მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტს. მისი განმარტებით, ოპოზიციური სპექტრის უმრავლესობა, პოლიტიკური წონიდან გამომდინარე და საქართველოს არასამთავრობო სექტორი მზადაა, გააგრძელოს დიალოგი, ოღონდ ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს თავდაპირველ მოცემულობას, რომ ქვეყანა გადადის პროპორციულ სისტემაზე: ,,თუ ხელისუფლება არაა ამისთვის მზად და გვიყენებს ულტიმატუმს, დავთანხმდეთ მის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ერთპიროვნულად კანონის მიღებაში ხელს ნამდვილად ვერ შევუწყობთ. აბსოლუტური უმრავლესობა ვართ ამ პოზიციაზე, ხოლო რამდენიმე ოპოზიციური პარტია, მაგალითად, ახალი მემარჯვენეები, თავისუფალი საქართველო, ევროპელი დემოკრატები, მზად არიან, ხელისუფლებასთან დიალოგი დაიწყონ ამ წინაპირობის გარეშე, ანუ ერთი და იგივე დონეზე დადგეს საარჩევნო სისტემის, ბარიერის, ბლოკები და მანდატების საკითხები''.
შალვა შავგულიძის განმარტებით, ხელისუფლება ქმნის დიალოგის სურათს, არ თმობს პოზიციას და ამას ასაღებს კონსესუსად: ,,ეს პარტიები მზად არიან, ბლოკებსა და ბარიერზე მოხდეს შეთანხმება, თუნდაც ეს იყოს მაჟორიტარული სისტემის კომპონენტები და ასეთ შეთანხმებას დაარქვან ხელისუფლებასთან მიღწეული კონსენსუსი. ეს საზოგადოების მოტყუებაა. შეურაცხყოფას არ ვაყენებ არც ერთ პარტიას. ჩემი პარტიაც არაა დღეს ძლიერად წარმოდგენილი. ზუსტად ამაზე აქვს ხელისუფლებას ბოროტი გათვლა, რომ ის პარტიები დათანხმდებიან, რომლებსაც არ ეიმედებათ დამოუკიდებლად მოხვედრა პარლამენტში. ისე, როცა საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, არ იყვნენ მოწვეულნი კვალიფიციური პარტიები. მე დავაყენე მათი ჩართვის საკითხი. პარლამენტის თავმჯდომარემ მიპასუხა, ეს არის ჩვენი კანონმდებლობის ხარვეზი, რომ კვალიფიციური სტატუსი აძლევს შესაძლელობას, დაფინანსება მოიპოვონ და სინამდვილეში ეს პარტიები პოლიტიკური წონით იმდენად უმნიშვნელოა, მათი აზრის მოსმენა ხელისუფლებას მიზანშეწონილად არ მიაჩნიაო. დღეს კი, როცა დასჭირდა კონსენსუსის იმიტაციის შექმნა, სწორედ ამ პარტიების მოხიბვლას ცდილობს''.
შალვა შავგულიძე კატეგორიულად აცხადებს, თუ ხელისუფლება არ დაუბრუნდა იმ მოცემულობას, რაზეც ნახევარი წელი ამსჯელა, საზოგადოება და ვენეციის კომისია, არც სტრასბურგში და არც სხვაგან დიალოგზე არ დასხდებიან.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში