Menu
RSS

ვინ არის, რა თანამდებობებს იკავებდა, „ჩაუშვა“ თუ არა შვილმა და რატომ იხდიდა სასჯელს, ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ზურაბ ნეფარიძე

25 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორფციულმა სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავა. ნეფარიძეს ქრთამის აღებაში საკუთარი მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომელი ადანაშაულებს. ზურაბ ნეფარიძე თბილისის საკრებულოს წევრი 2014 წელს „ქართული ოცნების“ კოალიციის სიით გახდა. იგი „ეროვნული ფორუმის'' წევრი გახლდათ, თუმცა ამ პარტიაში აცხადებენ, რომ დიდი ხანია თავისი რიგებიდან გარიცხეს და ნეფარიძე საკრებულოს ფრაქციაში სურვილისამებრ რჩებოდა. პარტიიდან გარიცხვის მიზეზებზე ღიად არავინ საუბრობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ნეფარიძე 1992-1998 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამძებრო და საგამოძიებო სამმართველოებში არაერთ თანამდებობას იკავებდა. ის საადვოკატო ბიურო ,,ნეფარიძე და კომპანიას“ დირექტორიცაა. ისნის მაჟორიტარ დეპუტატს, სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მასთან ერთად დაკავებულია საკრებულოს თანამშრომელი ანა მენთეშაშვილიც, რომელიც, პროკურატურის ინფორმაციით, მისი ცოლის დაა. ზურაბ ნეფარიძეს ბრალად ედება თანამშრომლისთვის ყოველთვიურად ხელფასიდან 400 ლარის გამორთმევა სამსახურიდან არგათავისუფლების სანაცვლოდ. თავად დეპუტატი აცხადებს, რომ პოლიტიკური მოტივით დააკავეს და აღნიშნულ თანხას თანამშრომლებს კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის ართმევდა.
 
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაჟორიტარი დეპუტატი მისივე ბიუროს თანამშრომლის გარდა, შვილის ჩვენების საფუძველზეც დააკავეს და დეპუტატის შვილმა ზურაბ ნეფარიძემ გამოძიებას ჩვენება მამის წინააღმდეგ მისცა, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.
დაკავებულის შვილი ამ ფაქტს უარყოფს. მართალია, ადასტურებს, რომ გამომძიებლებს ჩვენება ნამდვილად მისცა, თუმცა ამტკიცებს, რომ ბრალდებულის პოზიცია დაადასტურა: „მამაჩემის წინააღმდეგ ჩვენება არ მიმიცია, გამოძიებას ვუთხარი ის, რასაც ზურაბ ნეფარიძეც ამბობდა, რომ ბიუროს თანამშრომელთა ხელფასის ნაწილი კომუნალურ გადასახადებს ხმარდებოდა. მზად ვართ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის. მამაჩემს ქრთამი არ აუღია“.
დაკავებულის ადვოკატი სულხან კაპანაძე საკრებულოს დეპუტატის დაკავებაში პოლიტიკურ მოტივს ხედავს და განმარტავს, რომ 200 მ/კვ-მდე ოფისის კომუნალურ გადასახადებს ბიუროს თანამშრომლები ხელფასიდან, საკუთარი სურვილით უკვე სამი წელია იხდიან: „ამ თანხების მიზნობრიობა ხორციელდებოდა მხოლოდ ქირის თანხასა და კომუნალურებზე (დენი, გაზი, წყალი, ინტერნეტი). გვაქვს ქვითრები და შემდგომში ამოვიღებთ“.
კოლეგის დაკავების ფაქტს ეხმაურება საკრებულოს მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატი ქეთი ჯოხაძე, რომელიც ნეფარიძის ადვოკატის განცხადებას აბსურდულს უწოდებს. იგი განმარტავს, რომ დედაქალის ბიუჯეტიდან საკრებულოს ბიუროებს ყოველთვიურად 5000 ლარი ერიცხებათ, აქედან 3000 ლარი სახელფასო ფონდისთვის, ხოლო 2000 ლარი ოფისის ქირისა და კომუნალური ხარჯისთვისაა გამიზნული: „თუ ქირა არ გყოფნის, თანხის განკარგვა ინდივიდუალურადაც შეიძლება. მაგალითად, შესაძლოა, 2500 ლარი ქირისთვის გამოიყოს, 2500 ლარი კი ხელფასისთვის. ვფიქრობ, საკმარისი თანხაა იმისთვის, რომ ბიურომ იარსებოს. ბიუროს სახელმწიფოდან გამოყოფილი თანხები თუ არ ჰყოფნის, ცოტა იაფიანი ფართი უნდა მოძებნოს. ხოლო ის, რომ თანამშრომელმა გადაიხადოს, აბსურდია“.
საკრებულოს დეპუტატის სკანდალურ დაკავებას მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. პარლამენტის წევრი მამუკა მდინარაძე ფაქტის შეფასებისგან თავს იკავებს, რადგან ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა აცხადებს, რომ მსგავსი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ოპოზიცია შესაძლო კორუფციასთან ბრძოლას მიესალმება, თუმცა საკადრო პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობაზეც საუბრობს.
ნეფარიძის ადვოკატი აცხადებს, რომ დეპუტატის მიმართ წაყენებული ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დეპუტატის უფლებადამცველი ხაზს დაკავების პოლიტიკურ მოტივებს უსვამს: ,,ზურაბ ნეფარიძე არ სცნობს თავს დამნაშავედ. ისნის რაიონში გარკვეული პროექტები ბოლო პერიოდში დაიბლოკა „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრის მხრიდან. კონკრეტულ გვარებს შემდგომ მოგახსენებთ''. მისი თქმით, საქმის მასალები უახლოეს პერიოდში გადაეცემა.
საკრებულოს წევრის პოზიციას, თითქოს პოლიტიკური აქტივობის გამო დააკავეს, თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა. იგი აცხადებს, რომ ზურაბ ნეფარიძე არ გამოირჩეოდა მაღალი პოლიტიკური აქტივობით. ნარმანიას განმარტებით, საქმეზე საბოლოო პასუხს მიმდინარე გამოძიება იტყვის.
სხვათა შორის, დაკავებულს საკმაოდ სკანდალური პოლიტიკური წარსული აქვს. ერთ-ერთი მედიასაშუალების ცნობით, არქივში იძებნება ინფორმაცია, რომ თბილისის დეპუტატ ზურაბ ნეფარიძეზე პროკურატურაში 2015 წელს ორი საჩივარი იყო შეტანილი, სადაც ორი მოქალაქე მას ფულის გამოძალვას ედავებოდა. ნეფარიძე ნაციონალური მოძრაობის პერიოდში თაღლითობის ბრალდებითაც იხდიდა სასჯელს, თუმცა ციხიდან ხელისუფლებაში ,,ოცნების'' მოსვლის შემდეგ პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.
არქივში ვნახულობთ, რომ 2015 წლის მარტში ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა ,,იმედის კვირამ'' ზურაბ ნეფარიძის მიერ ფულის გამოძალვის საკითხზე სიუჟეტი მოამზადა. ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძემ სცადა ნეფარიძისგან კომენტარი მოეპოვებინა, თუმცა დეპუტატმა ჯერ საკუთარ თანამშრომლებს ოფისიდან ჟურნალისტის გაძევება უბრძანა, შემდეგ კი 40 წუთის განმავლობაში საპირფარეშოში ჩაიკეტა.
რაც შეეხება მაშინდელ ბრალდებებს, ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც ზურაბ ნეფარიძეს უჩიოდა, ბიზნესმენი ბესარიონ ხვინთელიანია, რომელიც ასევე პატიმრობაში იმყოფებოდა და ისიც, ნეფარიძის მსგავსად, ციხიდან არჩევნების შემდეგ, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. ბიზნესმენი ჟურნალისტთან საუბარში აღნიშნავდა, რომ მან ნეფარიძე ადვოკატად 2010 წელს დაიქირავა და 40 000 დოლარზე მეტი გადაუხადა, მაგრამ ადვოკატისგან შესაბამისი მომსახურება ვერ მიიღო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნეფარიძეს თანხის დაბრუნება სთხოვა, თუმცა უშედეგოდ.
ზურაბ ნეფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ოქტომბერს დაინიშნა.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში