Menu
RSS

დაუჭერს თუ არა მხარს პარლამენტი თავისუფალი დემოკრატების ახალ ინიციატივას

თავისუფალი დემოკრატების ინიციატივით, საქართველოსთან საომარ ან საგანგებო მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებასთან ურთიერთობის უფლება და საშუალება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს. ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ პარტია მუშაობს ამ ინიციატივის კანონპროექტად ჩამოყალიბებასა და პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე წარსადგენად. პარტიის თავმჯდომარე შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ იდეის მაპროვოცირებელი გარკვეულწილად, მოსკოვში პატრიოტთა ალიანსის ვიზიტი გახდა. ელიან თუ არა პარლამენტის მხარდაჭერას, რა შედეგს გამოიღებს მსგავსი კანონი და რა მიზანი აქვთ თავისუფალ დემოკრატებს? ,,ვერსიის'' კითხვებს შალვა შავგულიძე პასუხობს.
შავგულიძის განმარტებით, კანონი მოემსახურება საქართველოს უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვას ისეთი ქვეყნისგან, რომელიც ოკუპანტია ან რომელთანაც საომარ მდგომარეობაში ვართ: ,,საომარ ან საგანგებო მდგომარეობაში (საერთაშორისო სამართალში გამოიყენება ტერმინი _ განსაკუთრებული მდგომარეობაც), საერთაშორისო სტანდარტით იზღუდება ადამიანის ისეთი საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლებებიც კი, როგორიცაა გამოხატვის ან შეკრების თავისუფლება... მიზანი სახელმწიფო უშიშროებისა და უსაფრთხოების დაცვაა. ოკუპანტ და საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან ჩვენი სახელმწიფოს ურთიერთობა თავისი შინაარსით იგივეა, რაც საომარ ან საგანგებო მდგომარეობაში არსებობა კონკრეტულად ამ ქვეყანასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი შეცდომა შეიძლება ძალიან ძვირი იყოს ქვეყნისთვის და ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი ძნელად გამოსასწორებელი ან გამოუსწორებელი გახდეს''.
შავგულიძე განმარტავს, რომ მტერი სახელმწიფოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა სრულად უნდა აიღოს საქართველოს ხელისუფლებამ. რაც შეეხება, ინიციატივის პროვოცირებას, მიუხედავად იმისა, ეს კანონი არ ეხება მხოლოდ რუსეთს, დღეისთვის ოკუპანტი ქვეყანა რუსეთია და ყველამ დავინახეთ სახიფათო ტენდენციები: ,,კერძოდ, დავინახეთ პატრიოტთა ალიანსის ბოლო ვიზიტი მოსკოვში და მათი შეხვედრები სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებთან. ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებას ესაუბრებოდა საქართველოს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია. შედეგად, რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებული რაღაც სქემა და იდეა, თუნდაც საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატი, პატრიოტთა ალიანსმა ჩამოიტანა და თავს ახვევს საკუთარ ქვეყანასა და ხელისუფლებას. დაანონსდა შიმშილობა და აქციები, რომ ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან შეთანხმებულმა სქემებმა იმუშაოს და ამ მოსაზრებებს დაექვემდებაროს საქართველოს მოსახლეობა და მეტიც, ჩვენი პარტნიორი ისეთი ორგანიზაცია, რომელში გაწევრიანებისკენ ოფიციალური კურსი აქვს გამოცხადებული ჩვენს სახელმწიფოს, როგორიცაა ნატო. ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას. არ ვამბობ, რომ აქ აუცილებლად ანგარებითი მოტივია და ამ შემთხვევაში პატრიოტთა ალიანსი თუ მომავალში რომელიმე სხვა ორგანიზაცია, პოლიტიკური გაერთიანება ან რომელიმე პირი მაინცდამაინც უღალატებს საქართველოს ინტერესებს, თუმცა შეიძლება, ოკუპანტმა ქვეყანამ დაამყაროს კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან, ორგანიზაციებთან ან პარტიებთან; დააფინანსოს, მოისყიდოს, შეცდომაში შეიყვანოს და დაარწმუნოს, რომ საქართველოსთვის უკეთესია ის, რასაც თავად გვთავაზობს''.
თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის აზრით, მსგავსი ქმედების საშუალება რომელიმე ქვეყანას რომ არ მიეცეს, საჭიროა საქართველოში შესაბამისი კანონის მიღება, როგორსაც პარლამენტს თავისუფალი დემოკრატები სთავაზობენ. შავგულიძე ამტკიცებს, რომ ეს კანონი არ იქნება მიმართული რომელიმე ორგანიზაციის ან პოლიტიკური მოძრაობის საქმიანობის წინააღმდეგ: ,,საუბარი ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან კომუნიკაციას ეხება, ხოლო მაგალითად, რუსთაველის თეატრს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა მოსკოვის თეატრთან, ასეთი კომუნიკაცია, პირიქით, მისასალმებელია. ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან ლაპარაკის უფლება კი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს!''
გააღიზიანებს თუ არა რუსეთს ახალი ინიციატივა? შალვა შავგულიძე განმარტავს, რომ მხოლოდ საქართველოს ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ: ,,იქიდან კი არ უნდა გამოვიდეთ, რა მოეწონება და რა არა რუსეთს, არამედ რა არის საჭირო ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. თუ ,,ოცნება'' ოკუპანტ და საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან ოფიციალური ურთიერთობის პასუხისმგებლობის მთლიანად საკუთარ თავზე აღებაზე უარს იტყვის, მაშინ შეიძლება საქმე ორ შემთხვევასთან გვქონდეს: ხელისუფლება ან უპასუხისმგებლოა, ან ცდილობს, შეფარვით გაექცეს პასუხისმგებლობას და სხვა სუბიექტების ხელით დაამყაროს ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის ნება. არ მინდა დავიჯერო, რომ მეორე ვარიანტი სიმართლეა''.
მმართველი გუნდის პოზიციის გასარკვევად, ,,ვერსია'' პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილსაც დაუკავშირდა: ,,რუსეთთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების წარმოების უფლება მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებს, კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს. რაც შეეხება არაოფიციალური ურთიერთობების აკრძალვას, სრული აბსურდია. საომარი და საგანგებო მდგომარეობა საქართველოში არ არის, საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია და შესაბამისად, ოკუპანტთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. ჩვენი სახელმწიფო ოფიციალურად ამ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს დეოკუპაციამდე''.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში