Menu
RSS

რა შანსები აქვთ მერობის კანდიდატებს, რატომ ამსგავსებენ ელისაშვილს ნათელაშვილს და ჩატარდება თუ არა მეორე ტური

_ გამარჯობა, ალეკო!
_ გაგიმარჯოს, ზალიკო!
ასე მიესალმნენ ერთ-ერთ სატელევიზიო თოქშოუში თბილისის მერობის კანდიდატები _ ზაალ უდუმაშვილი და ალექსანდრე ელისაშვილი და ამ სცენამ, თქვენი არ ვიცი და, პირადად მე, რატომღაც ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსი გამახსენა, აი, ის ლექსი, ლალი და მანანა თოჯინას რომ ვერ „იყოფენ“. შეიძლება, ზუსტი შედარება არაა, მაგრამ ლალისა და მანანასი არ იყოს, მერობის კანდიდატები მერის სავარძელს რომ ვერ გაიყოფენ, ამას დიდი მარჩიელობა არ სჭირდება _ სხვა თუ არაფერი, თბილისს ერთი მერი უნდა ჰყავდეს, დღევანდელი მონაცემებით კი, ამ სავარძლისთვის უკვე ექვსი კანდიდატი იბრძვის. ვის გაუღიმებს ფორტუნა და ვინ გახდება ქალაქის თავი? _ ამას ოქტომბრის ბოლოს გავიგებთ. მანამდე კი, „ვერსია“ მერობის კანდიდატების, ასე ვთქვათ, დახასიათებას გთავაზობთ.
 
დავიწყოთ ყველაზე წონიანი კანდიდატით. სიტყვა „წონიანი“ შემთხვევით არ მიხსენებია _ დიახ, ვინმეს სიამოვნებს თუ არა, ფაქტია: კახა კალაძეს ყველაზე მეტი შანსი აქვს, თბილისის მერი გახდეს. გასაგებია, რომ ეს პროგნოზი ვინმემ შეიძლება, კონიუნქტურულად ჩათვალოს, მაგრამ იმას, რომ კალაძე ,,ბეზ პიტი მინუტ“ თბილისის მერია, კულუარებში თავად ოპოზიციაც აღიარებს.
„ჩვენი მთავარი მიზანია, მეორე ადგილზე გავიდეთ“, _ აღნიშნა ,,ვერსიასთან'' ტეტ-ა-ტეტ საუბრისას ყოფილი მმართველი გუნდის ანუ ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა, რომელიც არც იმის თქმას მოერიდა, რომ ნაცები მთავარ კონკურენტად ევროპული საქართველოს კანდიდატ ელენე ხოშტარიას მიიჩნევენ.
„არ გეტყვით, რომ პარტიაში უმეტესობა ჩემნაირად ფიქრობს, მაგრამ ჩემი თანამოაზრეც ბევრია. ჰოდა, გვგონია, რომ სახელისუფლებო კანდიდატს კი არ უნდა გავუხსნათ ცეცხლი, არამედ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მეორე ადგილზე გავიდეთ და ამით მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი შევინარჩუნოთ. არ ვამბობ, რომ ამ მიზნის მიღწევა ადვილი იქნება, მაგრამ იგივე ის მოვლენები, რაც ბოლო დროს სააკაშვილის გარშემო ვითარდება, რაღაცნაირად მაიმედებს“, _ ამბობს „ვერსიის“ კონფიდენტი, რომელიც გიორგი ვაშაძის ინიციატივასაც ეხება და ერთპროცენტიან ალბათობასაც არ უშვებს, ოპოზიციამ პრაიმერი ჩაატაროს და თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატით გამოვიდეს.
„ეს იდეა, ერთი შეხედვით, ურიგო არ არის, მაგრამ ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას აქვს ამბიცია, უპირატესობა მარტო მმართველ პარტიასთან კი არა, იგივე ოპოზიციასთანაც დაამტკიცოს. გამომდინარე აქედან, პრაიმერის იდეა მკვდრათშობილია, თან როგორ წარმოგიდგენიათ, სააკაშვილი, რომელიც მიუხედავად იმისა, დევნილობაშია, ოპოზიციურ ფლანგზე პირველობას ვინმეს დაუთმობს?
ისე, ზალიკოც მერობის კანდიდატად იმ ნიშნით შეირჩა, რომ მასზე სერიოზული კომპრომატები არ არსებობს. კი ბატონო, შეიძლება, ვიღაცამ წამოაძახოს, აი, 9 წლის განმავლობაში ნაციონალების მთავარი რუპორი იყავიო, მაგრამ იმან ჩაგვქოლოს, ვინც ჩვენზე წმინდანია“, _ ამბობს ნაციონალების აქტივისტი.
წმინდანობის პრეტენზია, ცხადია, არც ელენე ხოშტარიას აქვს, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს ქალბატონი ქართულ პოლიტიკაში, უდუმაშვილისა არ იყოს, შედარებით ახალი სახეა ანუ თავის დროზე ნაციონალების მთავრობაში მაღალი სახელმწიფო პოსტი კი ეკავა, მაგრამ მაინცდამაინც კომპრომეტირებული არ არის.
ამასთან, მის სასარგებლოდ მამამისის, გოგი ხოშტარიას ბეგრაუნდიც მუშაობს _ კარგი იყო თუ ცუდი, ეროვნული ხელისუფლების დროს საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა და ე.წ. ზვიადისტთა ნაწილისთვის ეს დეტალი შესაძლოა, ნიშანდობლივი იყოს.
ისე, თუ ჰიპოთეტურად ვიმსჯელებთ და დავუშვებთ, რომ არჩევნები ელენე ხოშტარიას გამარჯვებით დასრულდება, მისი მერობა ფიქცია იქნება _ პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ხოშტარიას გამერების შემთხვევაში, თბილისის რეალური მერი გიგი უგულავა იქნება, თუმცა მოვლენების ამ სცენარით განვითარებას ყველაზე ფანტაზიორი ანალიტიკოსებიც კი გამორიცხავენ.
სამაგიეროდ, პრაგმატიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ 2014 წლის მსგავსად, თბილისში წელსაც მეორე ტური გაიმართება. შესაბამისად, კულუარებში ახლა იმის შესახებ მსჯელობენ და იმ სქემებს ადგენენ, თუ ვინ შეხვდება ერთმანეთს მეორე ტურში.
„ეჭვი არავის ეპარება, რომ მეორე ტურის ერთ-ერთი „ფალავანი“ კახა კალაძე იქნება. ამასთან, ისიც შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც ტრადიციულად, ნინო ბურჯანაძის პარტიას წარმოადგენს და ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატია, მეორე ტურს ვერ ,,გაქაჩავენ''. ვერც თენგიზ შერგელაშვილი გაქაჩავს, რომელიც უსუფაშვილის ახალი „შენების მოძრაობიდანაა“ წარდგენილი. ანუ რჩება ორი კანდიდატი _ უდუმაშვილი და ხოშტარია. შესაბამისად, მეორე ტურში კალაძეს ამ ორი პერსონიდან ერთ-ერთი შეერკინება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ირმა ინაშვილი ჩაებმება მერობის არჩევნებში, სრულიად სხვა კონფიგურაციას მივიღებთ“, _ უთხრა „ვერსიას“ ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა, რომელმაც გარკვეული მოსაზრებების გამო, ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.
 
ზოგადად, ირმა ინაშვილი თანამედროვე ქართული პოლიტიკის საინტერესო ფიგურაა. მართალია, მისი პოლიტიკური შეხედულებები და მსოფლმხედველობა „პრადვინუტებისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ მას საკუთარი მრევლი ჰყავს, რომლის საშუალებითაც პატრიოტთა ალიანსმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოახერხა.
სხვათა შორის, „ვერსიას“ უთხრეს, რომ პატრიოტების მხრიდან ინაშვილის მერობის შესაძლო კანდიდატობა ცაიტნოტის შედეგია _ საპარლამენტო ოპოზიციური პარტია დიდხანს ეძებდა ადამიანს, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელებდა.
„კანდიდატს ერთი კრიტერიუმით არჩევდნენ _ უბრალოდ ცნობადი კი არა, ძალიან ცნობადი უნდა ყოფილიყო. როგორც ვიცი, რამდენიმე ადამიანს შესთავაზეს, არჩევნებში ,,პატრიოტების'' სახელით ჩართულიყო, მაგრამ ყველამ უარი თქვა.
ის მომენტიც არსებობდა, როცა პარტიის სტაფი თბილისის მერობის კანდიდატის დასახელებას საერთოდ არ ფიქრობდა, მაგრამ ეს მაინცდამაინც კარგი გამოსავალი არ იქნებოდა; ამიტომ „სტავკა“ ისევ ინაშვილზე დაიდო“, _ უთხრა „ვერსიას“ ინფორმირებულმა წყარომ.
რაც შეეხება ალექსანდრე ელისაშვილსა და დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ეს უკანასკნელი თბილისის მერობას 2014 წელსაც აპირებდა, თუმცა მაშინ არჩევნებში დამარცხდა. მართალია, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან, მაგრამ ლორთქიფანიძე, როგორც ჩანს, ამ ჭეშმარიტებას უგულებელყოფს და გამერებას წელსაც შეეცდება.
აი, ელისაშვილისთვის კი 2014 წელი მართლაც იღბლიანი გახლდათ _ როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თვითმმართველობის არჩევნები მოიგო და თბილისის საკრებულოში შევიდა. ისე, იმხანად ამბობდნენ, რომ ელისაშვილს მმართველი გუნდი ფარულად უჭერდა მხარს და გამარჯვებაც ამიტომ მოიპოვა. ძნელი სათქმელია, მართლა ასე იყო თუ არა, მაგრამ საკრებულოს წევრ ელისაშვილს, როგორც ჩანს, პოლიტიკოსობა მოეწონა და თბილისის მერობა ალბათ ამიტომაც მოუნდა.
საერთოდ, თბილისის მერი პოლიტიკოსი კი არა, მეურნე ადამიანი უნდა იყოს. კი ბატონო, ელისაშვილმა დედაქალაქის ისტორია ხუთი თითივით იცის, მაგრამ მარტო ისტორიის ცოდნა არ კმარა თბილისის სამართავად. სხვათა შორის, პოლიტიკურ წრეებში ხუმრობენ, ელისაშვილი ნელ-ნელა ნათელაშვილს ემსგავსებაო, თუმცა ეს ხუმრობანარევი შეფასება გემოვნების საკითხია და მეტი არაფერი.
ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში