Menu
RSS

„რუსთავი 2“-ს სარეკლამო პარტნიორები ტოვებენ?!

რას ამბობს არხის გენერალური დირექტორი და როდის გავა „კურიერი“ ეთერში

 

სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2''-ს სარელამო პარტნიორები ტოვებენ _ ეს ინფორმაცია ,,ვერსიამ'' კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით შეიტყო, რომელმაც აგვიხსნა, რომ მიზეზი სამაუწყებლო კომპანიის რეიტინგის მკვეთრი ვარდნაა. რეალურად, რა ხდება ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-ზე _ ტოვებენ თუ არა სარეკლამო პარტნიორები არხს და როდის დაბრუნდება საინფორმაციო გამოშვება ,,კურიერი'' ეთერში? _ კონფიდენტი წყაროს ინფორმაცია ,,ვერსიამ'' პირველ პირთან ანუ ,,რუსთავი 2''-ის გენერალურ დირექტორთან, პაატა სალიასთან გადაამოწმა.

_ ბატონო პაატა, ,,ვერსიის'' წყაროს ინფორმაციით, ,,რუსთავი 2''-ს სარეკლამო პარტნიორები ტოვებენ, ადასტურებთ ამ ინფორმაციას? 

_ ვინ საუბრობს ამ თემაზე? რას ნიშნავს, ,,რუსთავი 2''-ს სარეკლამო პარტნიორები ტოვებენ? 

საერთოდ, არ ვიცი, რაზე საუბრობთ. ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ. არავინ ტოვებს, გვაქვს ხელშეკრულება ჩვენი სარეკლამო დროის გაყიდვის თაობაზე, გვყავს პარტნიორი, რომელიც ამას ანხორციელებს და არიან სააგენტოები, რომლებსაც აქვთ მასთან ურთიერთობა. 

ჯერჯერობით, ჩვენთან არავინ მოსულა, ვისაც ხელშეკრულების შეწყვეტა სურს. 

_ ტელეკომპანიის რეიტინგი რომ განახევრდა, არც ამას ადასტურებთ? 

_ აგვისტოში რეტინგების კლება ისედაც ბუნებრივი პროცესია. მოგეხსენებათ, სეზონი სრულდება და ვინაიდან ჩვენს ეთერში საინფორმაციო გამოშვებები ჯერ არ გადის, გარკვეული კლება რეიტინგში არის, თუმცა ეს დროებითი მოვლენაა. 

ძალიან მალე შეიცვლება სიტუაცია და მაყურებელი ჩვენი გადაცემების ხარისხსაც ნახავს. დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე, ამ ნაწილშიც არავითარი პრობლემა არ იქნება და ,,რუსთავი 2'' ნომერი პირველი არხი იქნება საქართველოში. 

ჩვენ ძალიან მალე დავბრუნდებით ჩვეულ რეჟიმში, ვგულისხმობ ყველა გადაცემას, რომელიც ამ არხზე გადიოდა,  

იქნება საინტერესო სიახლეებიც და, რა თქმა უნდა, სულ მალე, ახალი ამბებით ,,კურიერიც'' დაუბრუნდება ,,რუსთავი 2''-ის ეთერს. 

_ დაახლოებით, როდის გეგმავთ ეთერში გასვლას? 

_ ძალიან მალე. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ამ თვეში დავუბრუნდებით ეთერს. არ მინდა თარიღების დასახელება, ჩვენს არხზე, პრომოებისა და ანონსების საშუალებით, ყველაფერს შეიტყობთ.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში