Menu
RSS

უმსხვილესი ბიზნესაქსელერატორი _ 500 startups საქართველოში შემოდის

გლობალურ ფინანსურ პროექტს საქართველოს ბანკი ახორციელებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზრის ტოპაქსელერატორი _ 500 startups, საქართველოში შემოდის. შესაბამისი სამმხრივი ხელშეკრულება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, 500 startups-სა და საქართველოს ბანკს შორის უკვე გაფორმდა.

მხარეებს შორის თანამშრომლობა, რაც საქართველოში მაღალი კლასის აქსელერატორის შემოსვლას გულისხმობს, ქართველი სტარტაპერების მნიშვნელოვანი ხელშეწყობა, ეკოსისტემის გაძლიერება და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებაა. ისეთი მსხვილი მოთამაშის, როგორც 500 startups-ია, ქართულ ბაზარზე შემოსვლა, ქართულ სტარტაპებს ძალიან დიდ შესაძლებლობას მისცემს, რათა სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად, საკუთარი იდეების დახვეწაზე იმუშაონ. ასევე, ოთხთვიანი აქსელერაციის პროცესში, საინტერესო ინფორმაცია მიიღონ მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და სხვა, მათთვის საჭირო სფეროების შესახებ. საბოლოო ჯამში, ინოვაციური პროდუქტი შექმნან, გლობალურ ბაზრებზე გავიდნენ და წარმატება მოიპოვონ. 

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, მოხარული და ამაყია, რომ სწორედ საქართველოს ბანკის, როგორც კერძოს სექტორისა და ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობით, ამ მასშტაბის გლობალური პროექტი ხორციელდება: 

„პროექტის განსახორციელებლად, ჩვენ დამატებით, 1 მილიონი დოლარის ინვესტიციას განვახორციელებთ, რაც ქართველ სტარტაპებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, მსოფლიოში ერთ-ერთ, ყველაზე აქტიური ვენჩურული კაპიტალის მქონე კომპანიასთან იმუშაონ. ეს ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენაა და გვიხარია, რომ ამ პროექტს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 500 startups-ის შემოსვლა, ხელს შეუწყობს ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენას, დაეხმარება მათ წარმატებული კომპანიების შექმნაში, რაც საბოლოო ჯამში, გლობალური ეკოსისტემის განვითარების მიზანს ემსახურება. გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს თავსაც და ქვეყანასაც, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“. 

500 startups, მსოფლიოში ტოპბიზნესაქსელერატორია. მისი საინვესტიციო პორტფოლიო მდიდარია ისეთი ცნობილი კომპანიებით, როგორებიცაა: Credit Karma, Canva, Talkdesk და Ipsy, Twilio, Sentgrid, Grab. დაარსების დღიდან, კომპანიამ „სილიკონ ველში“, 5 გლობალური ფონდისა და 15 თემატური ფონდის საშუალებით, 75 ქვეყნის მასშტაბით, 2 300 კომპანია დააფინანსა. 

500 startups, ბიზნესიდეის საწყის ეტაპზე, დამფინანსებელი აქსელერატორია და ახალ იდეებს უფრო მეტად უწევს დახმარებას, ვიდრე უკვე არსებულ მცირე მეწარმეობასა და ბიზნესებს. გარდა თანაინვესტირებისა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 500 startups, ხელს უწყობს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებას, მხარს უჭერს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, ღონისძიებისა და კონფერენციის ორგანიზებას. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში